ახალი ამბები

“დაავალე მიშას” — ენმ ახალ კამპანიას იწყებს

15 სექტემბერი, 2020 • 1550
“დაავალე მიშას” — ენმ ახალ კამპანიას იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა” იწყებს ახალ კამპანიას — “დაავალე მიშას”. ამის შესახებ განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს, 15 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობა დაავალებს ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს პრობლემების გადაჭრას.

“ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ენმ-სგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ქალაქს, რაიონს და შეგვხდებიან და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ეს დავალებები ყველა გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და გეგმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაშია დაგროვილი”, — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც ცნობილია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი