ახალი ამბები

სველი წერტილების რეაბილიტაცია 725 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს — ინფრასტრუქტურის სამინისტრო

15 სექტემბერი, 2020 • 1227
სველი წერტილების რეაბილიტაცია 725 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს — ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს მასშტაბით 725 საჯარო სკოლაში სველი წერტილებისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. ამ მონაცემებში არ შედის თბილისისა და აჭარის რეგიონის სკოლები.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 000 000 ლარით ფინანსდება.

მათივე ცნობით, 15 სექტემბრამდე სამუშაოები დასრულდა 521 საჯარო სკოლის შენობაში, 30 სექტემბრამდე კი კიდევ 76 სკოლაში დასრულდება, ხოლო 5 ოქტომბრამდე — დამატებით 127 სკოლაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იმ საჯარო სკოლებში, სადაც ვერ ესწრება სწავლის დაწყებისათვის ახალი სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილების მოწყობის სამუშაოების დასრულება, მოწესრიგებულია გარე სველი წერტილები, რომლებიც სრულად აკმაყოფიელბს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ რეკომენდაციებსა და სტანდარტებს.

2018 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც მოამზადა გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO/ჯანმო). დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში გამოკვლეული სკოლების მხოლოდ 12% აკმაყოფილებდა ჰიგიენის საბაზისო ნორმებს, სკოლების მეოთხედზე მეტს (26%) სანიტარული ნორმები საერთოდ არ ჰქონდა დაცული, 10%-ს კი სასმელ წყალზე საერთოდ არ მიუწვდებოდა ხელი.

სპეციალისტები კორონავირუსიგან თავდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად სწორედ პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას მიიჩნევენ, მათ შორის, ხელების ხშირ და საფუძვლიან დაბანვას, რაც საქართველოს არაერთ საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

მთავარ ფოტოზე: საპირფარეშო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში. წყარო: ომბუდსმენის აპარატი

საგანგაშო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საქართველოს სკოლებში — ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი