ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია ენმ-სთან ერთად საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა

15 სექტემბერი, 2020 • 1933
რესპუბლიკური პარტია ენმ-სთან ერთად საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ 4 პლიტიკურ სუბიექტთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშია”. ბლოკის შემადგენლობაში არიან: ენმ, რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპელი დემოკრატები” და პარტია “პროგრესი და თავისუფლება”.

ბლოკის შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარდგებიან.

როგორც დღეს, 15 სექტემბერს, გამართულ პრეზენტაციაზე ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, შეემატა ძალა და რესურსი, მათ შორის, ინტელექტუალური.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ენმ-სთან ერთ ბლოკში იმიტომ გაერთიანდნენ, რომ ენმ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც “ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს”. მისი თქმით, ამ გაერთიანებით დღეს გადაიდგა პირველი ნაბიჯები კოალიციური მთავრობისკენ.

“პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი და არც კომპლექსები, არც სიყვარული არაა პოლიტიკა. პოლიტიკა არის პრინციპები და ღირებულებები და საერთო ინტერესები იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. “რესპუბლიკელებმა” გადავწყვიტეთ და დაემთხვა ჩვენი ინტერესები, ერთიანად გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში ენმ-სთან — “ძალა ერთობაშია”.

იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებასა და მოსპობაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები. იმიტომ, რომ ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა”, — განაცხადა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი