ახალი ამბები

მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაწესდა – შსს

12 სექტემბერი, 2020 •
მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაწესდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველად ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებულ პირს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. უწყების ცნობითვე, რადგან არსებობდა ძალადობის განმეორების საფრთხე, ბრალდებული კაცის მიმართ შემაკავებელ ორდერთან ერთად, შსს-მ ელექტრონული ზედამხედველობაც დააწესა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის
დაწესების შესახებ,”-წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელია მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი