ახალი ამბები

“ივანიშვილის ფერუმარილი” თუ “ქართული ოცნების” განახლებული სია — შეფასებები

11 სექტემბერი, 2020 • 2087
“ივანიშვილის ფერუმარილი” თუ “ქართული ოცნების” განახლებული სია — შეფასებები

10 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარალემნტო არჩევნებისათვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა და თან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტებზე კანდიდატებიც დაასახელა. მანამ, სანამ მმართველი გუნდი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენდა, პარტიის წარმომადგენლები აცხადებნენ, რომ ამომრჩევლის წინაშე ახალი სახეებითა და განახლებული გუნდით წარსდგებოდნენ.

პროპორციული სიის პირველი შვიდეული მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისაგან შედგება. მათ შორის არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი.

მათთან ერთად სიაში მოხვდნენ ისეთი მოქმედი თანამდებობის პირები, როგორებიც არიან: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, თბილისის მერის მოადგილე — მაია ბითაძე, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

პირველ ოცეულში მოხვდნენ სპორტსმენებიც: კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

ჩამოთვლილი ფიგურების გარდა, სიაში მოხვდნენ აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, მაგალითად, მე-12 ნომერი გიორგი ამილახვარი, რომელიც თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორია; მე-15 ნომერია შალვა პაპუაშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოების (GIZ-ის) სამართლის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი. ამასთან, ძლიერდება საერთაშორისო ურთიერთობების/პოლიტიკის ფლანგი: სიაში მე-14 ნომრად წერია მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის მოადგილეა, მე-17-მე-18 ადგილებზე კი ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი არიან წარდგენილები. სამხარაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი იყო, გიორგი ხელაშვილი კი აშშ-ში საქართველოს ელჩის მრჩეველი იყო, შემდეგ კი პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუნდის განახლებაზე საუბრისას განაცხადა, სიის ორი მესამედი ახალი სახეებითაა დაკომპლექტებული.

“ქართული ოცნებისთვის” განახლებული სია, ახალს არაფერს ამბობს ოპონენტებისთვის. მათთვის ეს “პოლიტიკისაგან დაცლილია”.

“ქართული ოცნების” სიით უკმაყოფილება “ღიმილისმომგვრელია” არჩილ თალაკვაძისთვის. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ოცეულს ისეთი ადამიაენბი აკრიტიკებენ, რომელთა პარტიასაც პარტიული სიის ათეულიც კი არ წარუდგენიათ.

“ოპოზიციის ძველი დისკრედიტებული სახეები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმაში, რომ განახლებული გუნდი არ წარმოვადგინეთ, როდესაც მთელმა საზოგადოებამ დიანახა, რომ ოცეული რაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას, მნიშვნელოვნად მოიცავს ახალ სახეებს და მათში არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ჩვენი გუნდის ლიდერები. ეს დისკრედიტებული ადამიენები, ხშირ შემთხვევაში დამნაშავეები, საუბრობენ, რომ მათ აქვთ უფრო მეტი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც მაჟორიტარებიც კი, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ჯერ არ დაუსახელებია, რომ არაფერი ვთქვათ, ათეულზე და საერთოდ ოცეულზე”.

თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილისთვის სიის სათავეში სწორედ ისეთი ლიდერების ყოფნა, როგორიც გიორგი გახარია და თეა წულიკიანია, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა “ქართულ ოცნებას” ხმა არ მისცენ.

“როდესაც გავრილოვის ღამის ავტორს, ბატონ გახარიას აყენებენ სიის სათავეში და თეა წულუკიანს, რომელიც არის სიმბოლო, ფაქტიურად, ჩვენს ქვეყანაში კანონის არ არსებობის და კანონის დარღვევის, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. კიდევ ერთხელაა შეხსენება, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა “ქართულ ოცნებას”, — განაცხადა “ტვ პირველთან” სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ახალ სახეებს, როგორც სამადაშვილი ამბობს, ისინი “ბიძინა ივანიშვილის ფერუმარილია”.

“ევროპული საქართველოს” წევრის, დავით ბაქრაძისთვის კი “ქართული ოცნების” სიის სათავეში ძველი სახეები ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი გუნდი არაფრის შეცვლას აპირებს.

“არათუ რამის გამოსწორებას ჰპირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება”, — ამბობს ის.

მსგავსი დამოკიდებულება აქვს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც. მისთვის სია “უსახო სახეებისგან” შედგება.

“მმართველმა რეჟიმმა წარსულიდან ვერაფერი ვერ ისწავლა. “ოცნების” პირველი ოცეული კვლავ შედგება 20 ივნისის ჯალათების, ოლიგარქების და ზონდერ სპორტსმენებისაგან”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“დემოკრატიული საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, “ქართული ოცნების” სიის ახალ სახეებზე  დადებითად არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ “ოლიგარქის სიაში” ყოფნას დათანხმდნენ.

“საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის ადამიანების მონური მორჩილების კრიტერიუმით არჩევა და როგორც ჩანს, მან ეს ჩვეული კრიტერიუმი ახლაც გამოიყენა”, — ამბობს ნინო ბურჯანაძე.

“ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის კი “ქართული ოცნების” სიის ოცეულში მყოფი ახალი სახეები “ბიძინა ივანიშვილის მარწუხებში გაბმულებს” გვანან.

“ეს ხო არ არის პარტია, ეს არის ერთი ადამიანის სპექტაკლი. მერამდენე წრეზე უნდა წავიდნენ უკვე ახალგაზრდა ადამიანები, ემსახურონ ამ რუსულ ძალას და მერე ისე ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მოტყუებით ხვდებიან “ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვვილის ამ მარწუხებში, მერე ისე ქრებიან, ზოგი ფეისბუქით… საერთოდ მადლობასაც არავინ ეუბნება”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალ სიაში ძველი სახეების ყოფნის გარდა, გამოხმაურება მოჰყვა სპორტსმენების მოხვედრასაც. მმართველი გუნდის წევრებს მოუწიათ, რომ სიის ოცეულში სპორტსმენების მოხვედრის გამო დამატებითი განმარეტებები ეკეთებინათ.

კახა კუჭავას თქმით, ამ სპორტსმენების სიაში ყოფნას ბევრი ისურვებდა, თუმცა “დააგვიანდათ”.

” პროფესიონალებით სავსე პირველი ოცეული იქნა წარმოდგენილი. მთელი სერიოზულობით მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება დაასახელოს მეორე პარტია, რომელსაც შესწევს ძალა და ამდენი რესურსი აქვს, რომ ზედიზედ მეორე საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი განახლება გააკეთოს. გარდა ამისა, აქ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ წარმატების მოტანა, შედეგის დადება”, — განაცხადა კუჭავამ და დასძინა, რომ  ეს მხოლოდ ოცეულის წარდგენა იყო, სრულ სიაში კიდევ ბევრი ახალი და საინტერესო სახის ხილვა დააანონსა.

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

მასალების გადაბეჭდვის წესი