ახალი ამბები

მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მეორე ტალღა გვიან შემოდგომაზე იქნება — ეზუგბაია

11 სექტემბერი, 2020 • 731
მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მეორე ტალღა გვიან შემოდგომაზე იქნება — ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო დღეებში კორონავირუსის მატება გაზრდილ მობილობასა და რეგულაციების არასკმარისად დაცვას უკავშირდება. ამის შესახებ მან კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ვირუსის მეორე ტალღა გვიან შემოდგომასაა მოსალოდნელი და ის კონკრეტულ სეზონზე დაავადების შემთხვევების მოსალოდნელ მატებასთან ერთად, ვირუსის მუტაციასაც უკავშირდება.

“ჩვენ ვამბობდით, რომ დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად იმიტომ, რომ შემოდგომა გარკვეულწილად უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადებების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე და როცა რესპირატორული დაავადებების მატებაა, COVID-19-ც ასეთია.

ამიტომ, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ ეს მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას ვუწოდებთ, ალბათ, შემოდგომაზეა იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო “მწვანე ზონაში” აღარაა, თუ სიტუაცია შენარჩუნდება, მისი გაკონტროლება პრობლემა არ იქნება.

მედიკოსებისგან განსხვავებით, თანამდებობის პირები საპირისპიროს ირწმუნებინ უკვე იწყება ან დაწყებულია. გუშინ, 10 სექტმებერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიოგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, თუმცა მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეკონომის მინისტრის, ნათია თურნავას გუშინდელი განცხადებით კი, საქართველოში მეორე ტალღა უკვე დაწყებულია.


11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 917-ს მიაღწია. Covid-19-გან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 354 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში ეს რაოდენობა არ გაზრდილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი