ახალი ამბები

შეამოწმეს 820, შესამოწმებელია 1493 სკოლა – როდის დაასრულებს შრომის ინსპექცია ამ პროცესს

10 სექტემბერი, 2020 • 3528
შეამოწმეს 820, შესამოწმებელია 1493 სკოლა – როდის დაასრულებს შრომის ინსპექცია ამ პროცესს

არ დააკონკრეტა, რამდენი, თუმცა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე სკოლა ინსპექტირების დროს „დახარვეზდა“. ბექა ფერაძემ დღეს, 10 სექტემბერს ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სკოლები, რომლებმაც ინსპექტირება ვერ გაიარეს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე დარეგისტრირდებიან და მათ ხელახლა, უახლოეს დღეებში შეამოწმებენ.

„არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნესობიექტი, მათ შორის, განთავსების ობიექტები ოპერირებას იწყებს, ან განახლებას ახდენს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. სკოლებთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ეს პროცესი დაწყებული. მათ სასწავლო პროცესის განახლებისთვის სჭირდებათ ის, რომ ჩვენ შევამოწმოთ, რამდენად მათ აქვთ და არიან აღჭურვილი პრევენციული ღონისძიებებით კოვიდთან დაკავშირებით. ჩვენ ვაძლევთ შესაბამის ნებართვებს. ამიტომაც, ჯარიმებზე ჯერ ადრეა საუბარი,“ – აღნიშნა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ბექა ფერაძის თქმით, 10 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 820 სკოლას აქვს გავლილი ინსპექტირება. ეს სკოლები უკვე მზად არიან სასწავლო პროცესის დასაწყებად. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინსპექციას აქვს საკმარისი რესურსი, ყველა საჯარო და კერძო სკოლა შეამოწმოს 15 სექტემბრამდე.

„15 სექტემბრამდე მოხდება აბსოლუტურად ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმება და ნებართვების მიცემა… რესურსი გვაქვს იმ ოდენობის, რომ არავითარი შეფერხება მოსალოდნელი არ არის“, – დასძინა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კერძო საბავშვო სტუდიების და საბავშვო ბაღების ინსპექტირების პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 2 313 სკოლაა. მათ შორის 2086 არის საჯარო, ხოლო 227 კერძო სკოლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი