ახალი ამბები

ცესკომ “პატრიოტთა ალიანსის” კლიპები დარღვევად მიიჩნია – ISFED

10 სექტემბერი, 2020 • 1258
ცესკომ “პატრიოტთა ალიანსის” კლიპები დარღვევად მიიჩნია – ISFED

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ცესკოში დაუდასტურეს.

საარჩევნო კომისიის ცნობით, აღნიშნული ოქმი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ქვეპუნქტის მიხედვით შედგა, რომლის თანახმადაც “საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას”.

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, თუმცა დაჯარიმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს პრეროგატივაა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ საჩივრით ცესკოს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) 2 სექტემბერს მიმართა. საჩივრის შინაარსი ფეისბუკ გვერდზე “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” გავრცელებულ და დასპონსორებულ მასალებს შეეხებოდა. ISFED-ის ცნობით სოციალურ ქსელში განთავსებული 9 ვიდეოდან 6 ანტითურქული პროპაგანდის მატარებელია და შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

აღნიშნულ საჩივარზე ცესკომ პარტიასაც მიმართა, რომლის ერთ-ერთ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა  კომისიას უპასუხა, რომ ფეისბუკ გვერდი სახელწოდებით “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, მათი ოფიციალური გვერდი არ არის და ის პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების მიერ არის შექმნილი. რაც შეეხება მასალებს, რომელზეც ISFED-ის საჩივარშია საუბარი, თარხან-მოურავი პასუხობს, რომ არც ეს პროდუქცია მათი და 9 ვიდეო შექმნილია ორგანიზაციის მიერ სახელწოდებით “მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად”.

გარდა ამისა, თარხან-მოურავის თქმით, აღნიშნული ვიდეოები არ არის პოლიტიკური რეკლამა და “ვიდეორგოლებში მოყვანილია დადასტურებული ისტორიული ფაქტები” და ამ ფაქტების “უარყოფა შეუძლებელია”.

ამავე თემაზე

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

მასალების გადაბეჭდვის წესი