ახალი ამბები

გახარია სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართავს

10 სექტემბერი, 2020 • 1164
გახარია სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულებს მიმართავს და მოუწოდებს თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში, ან სხვა ეპიდმეიოლოგიური რისკის შემცველ რეგიონში იმყოფებოდნენ, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკაონ:

“მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან”, – თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს გააძლიერონ თვითმონიტორინგის ხარისხი და პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს მიმართონ:

“როგორც კი პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ 112, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება.

როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება, ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს”, – ამბობს გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი