ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

10 სექტემბერი, 2020 • 865
აფხაზეთში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

გუდაუთის კლინიკაში კორონავირუსით 78 წლის პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტი კლინიკაში 29 აგვისტოდან მკურნალობდა.

ოფიციალური ცნობითვე, პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია თანმხლები დაავადებების – შაქტიანი დიაბეტის, მესამე სტადიის ჰიპერტონიისა და თირკმელების ქრონიკური დაავადებების ფონზე.

დღევანდელი, 10 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 557 შემთხვევაა გამოვლენილი [ქართული მხარე აფხაზეთის სტატისტიკას არ ენდობა]. ამჟამად გუდაუთის ჰოსპიტალში, რომელიც აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტებს ემსახურება, 53 ადამიანი მკურნალობს, მათგან ექვსი – მძიმე, 11 კი – საშუალო სიმძიმის პაციენტად მიიჩნევა.

პირველ აგვისტოს, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები დღეში საშუალოდ 20-30-40-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება აფხაზეთის მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი