ახალი ამბები

“ოცნებამ” ზუგდიდში პროვოკაციისთვის საჯარო მოხელეები გამოიყენა – ხაზარაძე

10 სექტემბერი, 2020 • 1003
“ოცნებამ” ზუგდიდში პროვოკაციისთვის საჯარო მოხელეები გამოიყენა – ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დაასახელა საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც, მისი თქმით, 9 სექტემბერს, ზუგდიდში, „ლელოს“ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე პროვოკაცია მოაწყვეს.

“ლელოს” ლიდერები პარტიის მხარდამჭერებს ხვდებოდნენ, რა დროსაც მათთან რამდენიმე ადგილობრივი მივიდა და მამუკა ხაზარაძეს დაუსვა კითხვა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა 1981-1993 წლებში ეროვნულ მოძრაობასთან. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ახსოვს, როგორ მიაყენა ხაზარაძემ მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა. შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხაზარაძემ განმარტა, რომ მერაბ კოსტავა 100 მეტრის სიახლოვეს არასდროს უნახავს და ამ ინფორმაციის პირველწყარო გაზეთი “ასავალ-დასავალია”, რომელსაც სასამართლოში უჩივლა და 60 მოწმის დაკითხვისა და ფაქტების წარდგენის შემდეგ დავა მოიგო, ხოლო გაზეთს ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

“ეს პროვოკაცია დაგეგმილი იყო “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების მიერ. ჩვენ მოვახდინეთ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია. ეს ადამიანები არიან სხვადასხვა აი(ი)პ-ების თანამშრომლები, რომლებიც ჩვენი გადახდილი გადასახადების ხარჯზე სხვა პარტიებს პროვოკაციებს უწყობენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ამომრჩევლებთან “ლელოს” შეხვედრის ჩაშლა სცადეს ჩამოთვლილმა პირებმა:

  • მადონა მაქაცარია – ბიბლიოთეკის დირექტორი;
  • როლანდ მაქაცარია – სპორტის აი(ი)პ-ის ხელმძღვანელი;
  • ჯაბა შენგელია – კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი;
  • ვახო ზარანდია – “ოცნების” აქტიური მხარდამჭერი;
  • დასუფთავების სამსახურის თანაშრომლები.

“მივმართავ “ქართულ ოცნებას” და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს – ეს მეთოდები იყო 90-იან წლებში. ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა და სიკეთე არ მოუტანა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს პერსონიფიცირებულ იდენტიფიკაციას გავუკეთებთ და არცერთს არ დავტოვებთ რეგირების გარეშე. მე გახლავართ ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი შემავსებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს თანხა იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად, რაც არ გამოგივათ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ზუგდიდის ინციდენტის გარდა, ხაზარაძის თქმით, სამტრედიაში დააზიანეს “ლელოს” შტაბის უფროსის მანქანა. “ლელო” ამბობს, რომ უახლოეს ხანში სუს-ის იმ თანაშორმლების სიას გაასაჯაროებს, რომლებიც პარტიის აქტივისტებს დასდევენ.

ზუგდიდის მერიაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ გუშინდელი ინციდენტის მონაწილე რამდენიმე პირი ნამდვილად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ-ში, თუმცა აღნიშნეს, რომ არასამუშაო საათებში კანონი მათ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვას არ უკრძალავს. “ლელოში” აცხადებენ, რომ ინციდენტი დაახლოებით 18:00 საათისთვის მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი