ახალი ამბები

ტყის ხანძარი, მსხვერპლი და წითელი ცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე

10 სექტემბერი, 2020 • 1544
ტყის ხანძარი, მსხვერპლი და წითელი ცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე

აშშ-ში კალიფორნიისა და სხვა შტატების მოსახლეობის ნაწილმა, ხანგრძლივი ტყის ხანძრების შემდეგ, გაწითლებული ცის ქვეშ გაიღვიძა. აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული, ასობით სახლი დაიწვა, ათასობით მოქალაქეს კი ოფიციალური პირები მოუწოდებენ, ევაკუაციისთვის მოემზადონ.

ძლიერი ქარის ფონზე, კალიფორნიის რიგ ქალაქებში კვამლმა და ფერფლმა მზის სხივები გადაფარა, რის შემდეგაც სან-ფრანცისკოში, ოკლენდსა თუ ბერკლიში შუადღისას ჩამობნელდა, ცამ კი წითელი შეფერილობა მიიღო. 25-ე დღეა, კვამლის გამო, შტატის ერთ ნაწილში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.


კიდევ ერთი შტატის, ორეგონის გუბერნატორის თქმით, ზოგიერთ კვარტალში საცხოვრებელი სახლები მთლიანად განადგურდა და ამინდის პროგნოზიც არ არის დამაიმედებელი.

“ქარი ხელს უწყობს ცეცხლს და მის გავრცელებას ჩვენს დასახლებებსა და ქალაქებში”, – ამბობს ის.

BBC-ის ცნობით, ხანძრის შედეგად, ჯამში, 11 ადამიანია დაღუპული. ცეცხლს ვაშინგტონში ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი ნათესავები კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სან-ფრანცისკოში ნაპოვნ დაღუპულთაგან ერთ-ერთი კი, სავარაუდოდ, მძღოლი იყო, რომელიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.

კალიფორნიის ცა ტყის ხანძრის ფონზე. 09.09. 2020 ფოტო: EPA კალიფორნიის ცა ტყის ხანძრის ფონზე. 09.09. 2020 ფოტო: EPA

კალიფორნიის შტატია ახლა 20-წლიანი მეგა-გვალვის შუა პერიოდშია.

“ეს არის ტყის ხანძრების ერთ-ერთი ყველაზე რთული – ალბათ, ყველაზე რთული – სეზონი, რომელიც კალიფორნიას უნახავს”, – აცხადებს CNN-თან საუბრისას ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი ჯესი მილერი და სირთულეებს შორის მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურებს, ქარებს, დაბალ ტენიანობასა და გვალვას ასახელებს.

მოქალაქე საკუთარი სახლის ნანგრევებთან კალიფორნიაში. 25.08.2020 ფოტო: EPA

მოქალაქეები თავიანთი საცხოვრებლების მიმდებარედ არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ზოგიერთი მათგანის თქმით, გაწითლებული ცის ფონზე უჩნდებათ განცდა, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებიან.

“ეს სურეალისტური იყო. მეგონა, მარსზე გავიღვიძე”, – წერს ერთ-ერთი მათგანი.

“ეს არის რაღაც აპოკალიპტური და საშიში. 1988 წლიდან აქ ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი განმიცდია”, – ეუბნება კალიფორნიის შტატის მაცხოვრებელი CNN-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი