„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი პარლამენტარი ეკა ბესელია ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ოცეულში „კობახიძის ჯგუფი“ იქნება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს „ხელი აქვს ჩაქნეული“.
ტვ პირველთან 9 სექტემბერს საუბრისას ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ფიქრობს, თუკი პროპორციული სიის 20-ეულში, ირაკლი ღარიბაშვილის, თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას გარდა, დასახელებული იქნებიან „კობახიძის დასაყრდენები“, ივანიშვილს „ხელი აქვს ჩაქნეული ქართულ ოცნებაზე“.
ბესელიამ „კობახიძის დასაყრდენთა“ შორის დაასახელა პარლამენტარები — მამუკა მდინარეძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და სოფიო კილაძე — რომლებმაც, ბესელიას თქმით, „პრაქტიკუად შიგნიდან დაარღვიეს პარტია“.
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ვარაუდობს, ბიძინა ივანიშვილი ახალი და ძველი სახეების სინთეზით შეეცდება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შენარჩუნებას.
„ვიცი ბიძინა ივანიშვილის განწყობები და დამოკიდებულება და ის მათ [ჩამოთვლილ 4 ადამიანს] არ აღიქვამს იმ ტიპის პერსონებად, რომ საკუთარ სახედ გაიხადოს“, – განაცხადა ბესელიამ.
„ქართული ოცნება“ 10 სექტემბერს გეგმავს პროპორციული სიის წარდგენას საზოგადოებისთვის.