ახალი ამბები

რა აჩვენა საჯარო ბაღებზე ომბუდსმენის მონიტორინგმა

9 სექტემბერი, 2020 • 1801
რა აჩვენა საჯარო ბაღებზე ომბუდსმენის მონიტორინგმა

სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს, 9 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემები გამოვლინდა.

ანგარიშის თანახმად, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვისას ცალკეული გამოწვევები, ჯანდაცვის მიმართულებით არასაკმარისი კადრების რაოდენობა და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ბაღების პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია გამოიკვეთა.

“სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის” ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭრით, თბილისისა და საქართველოს რეგიონების 143 საჯარო ბაგა-ბაღში ჩაატარა მონიტორინგი. საველე სამუშაოების ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა 216 აღმზრდელთან, 136 დირექტორთან და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა გაერტიანების 45 ხელმღვანელთან”.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2014 წელს ჩატარებული მსგავსი მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე სპეციალურ კვებით საჭიროებებს შეეხო, “თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგირ საკითხები, რაც შესაბამის სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმებას საჭიროებს”.

ინფრასტრუქტურული პრობლემები

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ინფრასტრუქტურული პრობლემები წარმოადგენს, კერძოდ გამოკვლეული ბაღების 53.8% საჭიროებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბაღების 15.4% კი არასტანდარტულ გარემოშია განთავსებული, ასევე გამოწვევად რჩება ბაღებში არასაკმარისი სივრცის საკითხი, რაც შენობაში საჭირო დანიშნულების ოთახის მოწყობას და ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ფართის გამოყოფას შეუძლებელს ხდის.

ამასთან, ინფრასტურქტურული პრობლემები განსაკუთრებით თავს იჩენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელების შემთხვევაში, როდესაც გამოკვლეული ბაღების 54%-ში საერთოდ არ არის შშმ პირებისთვის შესაბამისი გარემო, 27%-ში კი ეს პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული. მაგალითისთვის, გამოკვლეული ბაღების 86%-ში სველი წერტილები არ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგი.

ანგარიშის მიხედვით, საბავშვო ბაღების 62.1%-ში არასაკმარისი ფართის გამო გადატვირთულობაა. ასევე პრობლემაა საძინებელი ოთახებისა და ინვენტარის არასაკმარისი რაოდენობა, საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი ეზოები არ არის სათანადოდ მოწყობილი.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოკველული ბაღების ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს სველი წერტილების რაოდენობა და აქ განთავსებული ინვენტარის ზომა, რომელიც არ შეესაბამება აღსაზრდელთა ასაკს. გამოკვლეული ბაღების 67.9%-ში კი არ არის გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გამოყოფილი საპირფარეშოები.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პროცესში, დაწესებულებების ვიზუალური დათვალიერებისა და აღმზრდელებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ბავშვებისთვის საჭირო სათამაშოების რაოდენობისა და ჰიგიენის პრობლემები, რაც სხვადასხვა თემატიკის აქტივობების ჩატარებას აფერხებს.

ასევე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში არ არის საკმარისი ავეჯის რაოდენობა, მათ შორის მაგიდა, სკამი, საწოლი და კარადა.

 

კვება

“სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების” მიხედვით, საბავშვო ბაღებში კვების მიმართულებით ძირითადი პრობლემები მოგვარებულია, მაგალითად მენიუსა და კართოტეკის წარმოება რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს, კვების ბლოკში მომუშავე პირთა 91.1%-ს გავლილი აქვს შესაბამისი აგდამზადება, ასევე საბავშვო ბაღების უმრავლესობაში სამზარეულო ოთახისთვის გამოყოფილია შესაბამისი ფართი.

თუმცა ანგარიშის მიხედვით კვლავ გამოწვევად რჩება კვების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტერესების გათვალისწინება, სასადილო ოთახების არარსებობა და სათავსოებისთვის არასაკმარისი ფართის გამოყოფა.

“მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ საბავშვო ბაღების ნაწილში (5.2%) საერთოდ არ არის, ან მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული (16.9%) კვების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებები. რამდენიმე შემოწმებული დაწესებულების შემთხვევაში, საკვები თავად აღსაზრდელის მშობელს მიაქვს საბავშვო ბაღში. ამასთან, პირადი ასისტენტის კადრის არარსებობის გამო, გარკვეული სახეობის კერძების, მაგალითად, წვნიანის ჭამისას, მშობელი აკითხავს აღსაზრდელს და ეხმარება კვების პროცესში. საბავშვო ბაღების უმრავლესობაში კვება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობს. ერთეულ შემთხვევებში კი, საჭირო რაოდენობის პერსონალის არარსებობის გამო, საკვების მომზადების პროცესი ყოვნდება”, – განმარტებულია კვლევაში.

რაც შეეხება სასადილო ოთახების არარსებობის საკითხს, ანგარიშის მიხედვით გარკვეულ შემთხვევებში საბავშვო ბაღებში სასადილო დანიშნულების სააღმზრდელო ოთახები არ არის, რის გამოც აღნიშნული დანიშნულებისთვის ბაღები გასახდელ ზონებსა და დერეფნებს იყენებენ. ოთახების არსებობის შემთხვევაში კი პრობლემურია აღსაზრდელთა რაოდენობისა და ასაკის შესაბამისი ინვენტარი.

წყალი, ჰიგიენა და სანიტარია

სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში განმარტებულია, რომ გამოკვლეული საბავშვო ბაღების უმრავლესობაში სასმელი და სამეურნეო წყლის მომარაგების ცენტრალური სისტემები ფუნქციონირებს, ასევე ბაღების უმრავლესობა უზრუნველყოფილია თბილი წყლით და ხდება სასმელი წყლის ყოველწლიური ლაბორატორიული შემოწმება, თუმცა ანალიზის შესამოწმებლად მონაცემები არაერთგვაროვანია.

კერძოდ, ლაბორატორილი ანალიზის შესახებ დოკუმენტის თანახმად წყალი არ არის შემოწმებული რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე, როგორიცაა ბაქტერია E.coli. ასევე “ამ მხრივ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა და არ არიან ზუსტად ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა მონაცემებით უნდა შემოწმდეს სასმელი წყალი”.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საბავშვო ბაღების 35.1% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან სათანადო რესურსების გამოყოფა არ არის საკმარისი წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება სანიტარია-ჰიგიენის საკითხს, ანგარიშში განმარტებულია, რომ ბაღის თანამშრომლების გამოკითხვით გამოვლინდა, რომ დაწესებულებებში განსაკუთრებული ყურადღება სააღმზრდელო ოთახების, კვების ბლოკის და ეზოს დასუფთავებას ექცევა.

“გამოკითხულთა 32.8%-ის განმარტებით, საბავშვო ბაღის შენობა ყოველკვირეულად გენერალურად სუფთავდება. ამასთან, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის (95.1%) განცხადებით, სააღმზრდელო ოთახები სუფთავდება ყოველდღიურად, რაზეც ვიზუალური დათვალიერების შედეგებიც მეტყველებს. ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე სუფთავდება სამზარეულოც. საბავშვო ბაღის ეზოც, გამოკითხულთა უმრავლესობის (66.2%) თანახმად, ყოველდღიურად სუფთავდება”, – განმარტებულია კვლევაში.

თუმცა ანგარიშის მიხედვით, დასუფთავების სიხშირე და ვადები პრობლემურია, კერძოდ 24 საბავშვო ბაღი შენობის გენერალურ დასუფთავებას მხოლოდ წელიწადში ორჯერ ახორციელებს, საბავშვო ბაღების 4.4% კი მხოლოდ კვირაში ერთხელ ასუფთავებს სააღმზრდელო ოთახებს. ხოლო რამდენიმე შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, სამზარეულო ოთახში უსუფთაობა იყო და არც ოთახის კედლები იყო მოპირკეთებული სველი წესით დამუშავებისთვის განსაკუთრებული მასალით.

ამასთან, მონიტორინგის შედეგების თანახმად, საბავშვო ბაღების 84.8%-ის შემთხვევაში თეთრეულს კვირაში ერთხელ, ან 15.2%-ის შემთხვევაში კი ორ კვირაში ერთხელ რეცხავენ. ლეიბებს და მატრასებს, ძირითადად, თვეში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე წმენდენ, დაწესებულებების 5.7% კი, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

ასევე გარკვეულ შემთხვევეში პრობლემები დაფიქსირდა სათამაშოების დასუფთავების პროცესშიც:

“როგორც წესი, ისინი კვირაში ერთხელ (61.2%) ან ორ კვირაში ერთხელ (7%) სუფთავდება სპეციალური ხსნარით, ქლორით ან სარეცხი საშუალებით. თუმცა გამოვლინდა სათამაშოების მხოლოდ თვეში ერთხელ (4.7%) ან წელიწადში ერთხელ (1.2%) დასუფთავების შემთხვევებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღში არასათანადო პირობების გამო, აღმზრდელს, მის თანაშემწეს ან დამლაგებელს სათამაშოები დასასუფთავებლად სახლში მიაქვთ (საბავშვო ბაღების 4.7%). დასუფთავების სიხშირისა და წესის რეგულირება განსაკუთრებით პრობლემურია იმ სათამაშოებთან დაკავშირებით, რომლებიც ბავშვებს სახლიდან მოაქვთ. მათ თავად მშობლები ასუფთავებენ”, – განამრტებულია ანგარიშში.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის შემთხვევაში კი სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ პრობლემურია საბავშვო ბაღისთვის აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდება. ასევე გარკვეულ შემთხვევებში ბაღებში არ არის სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის საკმარისი რაოდენობა. ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება აღსაზრდელთა მშობლების წინააღმდეგობა ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს საბავშვო ბაღების უმრავლესობაში ექთნების მუშაობას, კერძოდ ისინი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ამოწმებენ აღსაზრდელებს დატილიანების ან ვირუსულ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების 83.2% უზრუნნველყოფილია პირველადი ჯანდაცვის ყუთით და ნივთებით, “თუმცა მონიტორინგისას ასევე გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღმზრდელებს ან ექთნებს საკუთარი სახსრებით უწევთ პირველადი ჯანდაცვის ნივთების შეძენა”.

რაც შეეხება ლოგოპედისა და ფსიქოლოგის საკითხს, ანგარიშის მიხედვით საბავშვო ბაღების მხოლოდ 37.6%-ს ჰყავს ფსიქოლოგი, ლოგოპედი კი 31.2%-ს.

ბავშვთა მიმართ ძალადობა

ანგარიშის თანახმად, გამოკვლეული საბავშვო ბაღების აღმზრდელთა აბსოლუტური უმრავლესობა უარყოფს ბავშვის მიმართ ვინმეს მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე საბავშვო ბაღის თანამშრომელთა, განსაკუთრებით აღმზრდელთა გადამზადება, პოზიტიური აღზრდის მეთოდების სწავლება, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედირების შესახებ ინფორმირებულობის არ არსებობა და ძალადობის ყველა ფორმის იდენტიფიცირების პრობლემურობა.

“აღმზრდელების აბსოლუტური უმრავლესობა (94.9%) აცხადებს, რომ არასდროს შეუნიშნავს ბავშვის მიმართ რაიმე ფორმით ძალადობის შემთხვევა, რაც, წესით, დადებითი მაჩვენებელი უნდა იყოს. თუმცა, სავარაუდოდ, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აღმზრდელებისა და საბავშვო ბაღის სხვა თანამშრომლების მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შეფასებისა და გამოვლენის უნარ-ჩვევის ნაკლებობითაც არის განპირობებული. ეს წარმოშობს რისკსაც, რომ აღსაზრდელი, შესაძლოა, თავად საბავშვო ბაღის პერსონალისგან გახდეს რაიმე ფორმით ძალადობის მსხვერპლი. ხოლო გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიდან, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა (5.1%), ყველა ფიზიკური ძალადობის ფორმას მიეკუთვნება, რომელთა გამოვლენა მარტივად შეიძლება აღსაზრდელის ფიზიკური დათვალიერების შედეგადაც”, – წერია კვლევაში.

ასევე ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საბავშვო ბაღებში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე საბავშვო ბაღს ჰყავს გამოყოფილი ძალადობის საკითხებზე მომუშავე პირი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს თანამშრომელთა გადამზადებას და ამ თემებზე მათ სათანადო ინფორმირებას.

ადამიანური რესურსები

ადამიანური რესურსების მიმართულებით ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, საბავშვო ბაღების უმრავლესობაში, კერძოდ 64.1%-ში არ არის გამოყოფილი თანამშრომლეთათვის განკუთვნილი სათავსო. ასევე პრობლემურია თანამშრომლეთათვის სათანადოდ აღჭურვილი, თბილი წყლით უზრუნველყოფილი სველი წერტილის გამოყოფა, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების სიმცირე. ამასთან გარკვეულ შემთხვევებში ბაღების თანამშრომელთა ფუნქციები აღემატება ან არ შეესაბამება მათი პოზციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ასევე პრობლემურია არაერთგვაროვანი ანაზღაურებაც.

“საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან, განსაკუთრებით კი აღმზრდელებთან, აღმზრდელთა თანაშემწეებთან და ძიძებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, მათი ფუნქციები არ შეესაბამება მათსავე პოზიციას. აღმზრდელთა თანაშემწეებსა და ძიძებს დამლაგებლის ფუნქციის შესრულება უხდებათ. ისინი ალაგებენ სააღმზრდელო ოთახებსა და საძინებლებს, წმენდენ სათამაშოებს, რეცხავენ ჭურჭელს და ხშირად თეთრეულსაც. ამ მიზეზით, აღმზრდელის თანაშემწეები და ძიძები ვერ ერთვებიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და აღმზრდელი, სააღმზრდელო პროცესში, ფაქტობრივად, მარტო რჩება აღსაზრდელებთან, რაც საბოლოო ჯამში, ბავშვების აღზრდისა და განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება”, – წერია ანგარიშში.

რეკომენდაციები

სახალხო დამცველის აპარატმა ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

ადგილობრივ თვითმმართველობებს:

● სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, ინფრასტრუქტურულად და ფუნქციურად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს, საბავშვო ბაღების ეზოები კი – აღსაზრდელთა განვითარებისა და დასვენებისთვის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
● სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები საჭიროებისამებრ, რეგულარულად მარაგდებოდეს ინვენტარით, საბავშვო წიგნებითა და სათამაშოებით.
● ჩატარდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პერიოდული მონიტორინგი. შეფასდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიურ ბიუჯეტში გაითვალისწინონ ტრანსპორტირების ხარჯები.
● შეფასდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ადამიანური რესურსების არსებულ კონტიგენტთან პროპორციულობა და საჭიროების შემთხვევაში, გაიზარდოს. ყველა საბავშვო ბაღი, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ ექთნის, ლოგოპედის და ფსიქოლოგის სერვისით.
● გაიზარდოს და მუნიციპალიტეტებს შორის დაბალანსდეს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება.
● უზრუნველყონ საბავშვო ბაღში დასაქმებული ყველა თანამშრომლის უწყვეტი პროფესიული განვითარება. მათ შორის, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ინფორმირება რეფერირების პროცედურის, სკოლამდელ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და ბავშვის უფლებათა შესახებ.
● შემუშავდეს საბავშვო ბაღის როგორც ფიზიკური გარემოს, ისე სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა დასჯაზე, არამედ საბავშვო ბაღების მხარდაჭერასა და განვითარებაზე. კერძოდ, გაიწეროს რეგულარული მონიტორინგის განრიგი, რომლის შედეგადაც მიღებული ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, გამოკვეთილი დარღვევები კი განმეორებით გადამოწმდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

● სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შემუშავდეს დოკუმენტი წყლის ვარგისიანობის შემოწმების წესისა და მისი პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ, ამ საკითხთან მიმართებით ერთიანი სტანდარტის დასანერგად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა
ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილ ბავშვის უფლებების დარღვევების 45 სავარაუდო შემთხვევაზე, ხოლო ექვს შემთხვევაზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი