ახალი ამბები

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კოვიდინფიცირებულთა ნაწილს სასტუმროებში უმკურნალებენ

9 სექტემბერი, 2020 • 1671
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კოვიდინფიცირებულთა ნაწილს სასტუმროებში უმკურნალებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 9 სექტემბრიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში — თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილს სასტუმროებში უმკურნალებენ. აქამდე ყველა პაციენტს კლინიკებში მკურნალობდნენ.

9 სექტემბერს მინისტრმა გამოაცხადა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „საქართველოს 3 დიდ ქალაქში, — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, — უკვე დაიწყებს ამოქმედებას სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა“. ტიკარაძის თქმითვე, ბათუმში პაციენტები კლინიკებიდან სასტუმროებში უკვე გადაჰყავთ.

მინისტრის თქმით, უკვე განსაზღვრულია პროტოკოლი, რითაც ექიმები იხელმძღვანელებენ პაციენტების გადაყვანისას:

  • სასტუმროებში არ გადაიყვანენ არც არასრულწლოვან და არც 65 წელს გადაცილებულ პაციენტებს, ვისაც აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია;
  • სასტუმროში მოხვდებიან მხოლოდ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია, არ აქვთ თანხმლები ქრონიკული დაავადება, არიან უსიმპტომოები და არ ესაჭიროებათ დამატებითი კვლევები და ექიმების მეთვალყურეობა.

პირველ ეტაპზე, ეკატერინე ტიკარაძის თანახმადვე, გამოყოფილია სამი სასტუმრო, რაც „სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს და რა დატვირთვაც დღეს არის ჩვენს საავადმყოფოებში“.

როგორც მან თქვა, „ამ ეტაპზე 600 საწოლია გამოყოფილი და დატვირთვა არის 65%, მაგრამ დატვირთვის შემთხვევაშიც ამ ეტაპზე არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში“.

მინისტრის თქმით, ბათუმის ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% [როგორც მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ თქვა, 18 პაციენტი] დღესვე, 9 სექტემბერს, გადავა სასტუმროში. „თბილისში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ მოხდეს დეტალური აღწერა და არ შეექმნათ რისკი და უკვე თბილისშიც დავიწყებთ ამ პროცედურას“, – განაცხადა მან.


9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა. ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

მასალების გადაბეჭდვის წესი