ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არასდროს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია აფხაზურ საზოგადოებასთან” – მინისტრი

9 სექტემბერი, 2020 • 1383
“არასდროს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია აფხაზურ საზოგადოებასთან” – მინისტრი

“ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია აფხაზურ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. დღემდე ჩვენ დაგვიგროვდა საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმედს გვაძლევს, რომ სამომავლოდ შესაძლოა ამ დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავება, რათა მოვაგვაროთ ადამიანების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, შევამსუბუქოთ მათი ყოფა”.

აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი [თანამდებობაზე 2020 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა], რომელიც მინისტრის აპარატის ცნობით, სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ახვლედიანი ეწვია ფახულანი-საბერიოს გადასასვლელს, განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს.

“სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა”, – ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელსაც მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ჟენევის ფორმატის პარალელურად, გალის შეხვედრებიც აღდგება.

“იმედს ვიტოვებ, რომ გალში მალე აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელსაც წინ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს სწორედ იმისთვის, რომ აღკვეთილ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემსუბუქებულ იქნას არსებული ჰუმანიტარული მძიმე ვითარება”.

ამასთან, შერიგების მინისტრი რუხის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

“ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ვეწვიეთ რუხში არსებულ ინფრასტრუქტურას, როგორიც არის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი და ჰოსპიტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

“უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი გადაადგილების აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული სოლიდური ნაბიჯი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შერიგების მინისტრის სამუშაო ვიზიტი; ფოტო: მინისტრის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი