“[სააკაშვილი] ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალია, იმიტომ რომ, ზოგიერთი კრიმინალი ისტორიულიც არის ხომ?! ჭკვიან კრიმინალებად ითვლებიან… ეს არის ქარაფშუტა კრიმინალი”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება.
“[სააკაშვილი] ქართული ღირებულებების მატარებელ კაცად რომ წარმოადგენდა გუშინ, თავის გამოსვლაში თავს, საკუთარი ცოლის კალთას ამოეფარა ჰოლანდიაში და იქაც ის სტანდარტია, რომ როდესაც არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მეუღლე, ასეთი ოჯახის წევრის ექსტრადიცია ან დეპორტირება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა. ამიტომ, მაშინ ეს შეუძლებელი იქნებოდა სამართლებრივად და პოლიტიკურად. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ის იმყოფებოდა უკრაინაში და სისტემატურად იყო მოთხოვნა უკრაინელი კოლეგებისადმი. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი წერილი, სადაც წერია, რომ ჩვენ ვერ დავადგინეთ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უკრაინაშიო და ამით აიცილა უკრაინამ თავიდან ექსტრადიცია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის აზრით, ინტერპოლმა სააკაშვილის ძებნასა და დაკავებაზე უარი წარსულში მისი მაღალი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე თქვა.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, თეა წულუკიანის თქმით, მას საზღვარზე დააკავებენ და შემდეგ სასჯელს მოიხდის და ვერანაირ არეულობას საქართველოში ვერ გამოიწვევს
“დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ… კარგი კვება და კარგად რომ მოექცე არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი. როდესაც დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ვერავითარი საერთაშორისო შეფასებები ვერ შეუქმნის დისკომფორტს იმ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების პატიმრობასთან დაკავშირებით, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დაანონსა.
“მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და არეულობას, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველაზე ვთანხმდებით”, – განაცხადა მან.