ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვინც გვაღიარებს, დიდი პატივით მივიღებთ” -სოხუმში”ქართულ ხატზე” ისევ იმსჯელეს

8 სექტემბერი, 2020 • 1953
“ვინც გვაღიარებს, დიდი პატივით მივიღებთ” -სოხუმში”ქართულ ხატზე” ისევ იმსჯელეს

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა [აფხაზეთში ეკლესიის ერთ-ერთი განშტოება] და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ადგილობრივი ორგანიზაციის, “არუაას” წარმომადგენლებმა დღეს, 8 სექტემბერს, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარი ხატის დაბრუნების საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა იმ მიზეზით ახსნეს, რომ ხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეზუსტებინათ – “საზოგადოებაში ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად”.

სასულიერო პირი ეგნატე კიუტი, რომელიც აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საერთაშიროსო ურთიერთობებზე აგებს პასუხს, აცხადებს, რომ ის და მისი კოლეგები აბსოლუტურად მხარს უჭერენ ეკლესიის წინამძღვრის, ბესარიონ აპლიაას გადაწყვეტილებას ხატის დაბრუნების საკითზე, ვინაიდან “ქართველი პოლიტიკოსების მიერ ხატის ჩამოტანის გარემოებების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილან”.

“საქართველოს ეკლესიასთან კონტაქტები არ გაგვაჩნია, რადგანაც საქართველოს ეკლესია პოლიტიკური ხედვებით მოქმედებს. ისინი უარყოფენ აფხაზური ეკლესიის არსებობას და ჩვენს ისტორიას უგულებელყოფენ. დღესდღეობით მხოლოდ რუსეთის ეკლესიასთან გვაქვს კონტაქტი და რუსული ეკლესიის კლერ6იკალები ვართ”, – აცხადებს სასულიერო პირი ეგნატე კიუტი.

მისივე თქმით, ჩამოტანილ ხატს საჩუქრად არ მიიჩნევენ.

“საჩუქრებს გულწრფელად და სიყვარულით ჩუქნიან, თუმცა, თუ ჩვენს არსებობას არ აღიარებენ, როგორ უნდა ვისაუბროთ სიყვარულზე. აფხაზეთსა და საქართელოს შორის ურთიერთობები დალაგებული არ არის, ქართული საზოგადოება დღემდე მითით ცხოვრობს, რომ აფხაზები ის ქართველები არიან, რომელთაც დაივიწყეს ქართველობა. ეს შეურაცხმყოფელია ჩვენთვის”.

თემურ ნადარაიამ, ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” წევრმა და გალის რაიონის ყოფილმა ლიდერმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრესკონფერენციას, განაცხადა, რომ დღეს ბევრი უწოდებს მათ სიწმინდეებთან და ხატებთან მებრძოლებს, თუმცა, ისინი არა ხატს, არამედ იმ იდეოლოგიას ებრძვიან, რომლითაც ხელმძღვანელობენ ხატის მიღების პროცესში მონაწილე ადამიანები, როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეს.

“როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდნენ ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში საიდუმლოდ და რატომ არ შეათანხმეს საკუთარი საჩუქარი ჩვენს ეკლესიასთან. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი კანონიერად რომ გაკეთებულიყო, აეღოთ ჩვენი ვიზა და ყველაფერი შეეთანხმებინათ, ეს ირიბად იქნებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაც ამ პოლიტიკოსების მიერ. ამ ფორმით აქ ჩამოსვლა კი მათთვის პიარი იქნებოდა არჩევნებამდე, რომ თითქოს რაღაც გავლენები აქვთ აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, ის აფხაზები, რომლებიც მათ დაეხმარნენ გადმოსვლაში, გაუნათლებლები არიან და მათი ადგილი პოლიტიკაში არაა”, – ამბობს ნადარაია.

“არუაას” თავმჯდომარე თემურ გულია კი ამბობს, რომ ირმა ინაშვილის შესვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო იყო აფხაზური კანონმდებლობის გათვალისწინებით და ამჟამად, “აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში გამოკვლევა მიმდინარეობს”.

თემურ ნადარიას განცხადებით კი, გამოკვლევა მიმდინარეობს ენგურის გამშვები პუნქტით ტვირთის გადაზიდვის საკითხზეც, რადგან “ხატი ის ტვირთია, რომელიც დეკლარირებას ექვემდებარება”.

სასულიერო პირების განმარტებით, ხატისთვის, რომელიც ენგურამდე მიიტანეს, სპეციალური ნაჭრის ჩასადები ჩანთა შეიძინეს და ყველა, ვინც ხატის გადატანის პროცესში იყო ჩართული, უიარაღო იყო.

“ყველა ამბობს, რომ ხატის დაბრუნება არ არის ღვთიური საქმე და ღმერთი დასჯის ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა. თუმცა ეს ადამიანების ნააზრევია”, – განაცხადა სასულიერო პირმა, ნიკიტა ადლეიბამ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ხატი ყველა წესის დაცვით და მოწიწებით იყო მიტანილი ენგურის გამშვებ პუნქტამდე.

თემურ ნადარიას თქმითვე, ხატთან დაკავშირებულმა ინციდენტმა და ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტმა გააშიშვლა აფხაზურ პოლიტიკაში არსებული პრობლემები და პრეზიდენტთან შეხვედრის საბაბიც გახდა.

ნადარია ამბობს, რომ ყველამ კონსოლიდირებულად იმუშავა- ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და ეკლესიამაც.

“ერთმანეთს არ დავჭამთ. აფხაზური საზოგადოების გახლეჩასა და შუღლის გაღვივებას გარე ძალები ვერ შეძლებენ”.

მისივე განცხადებით, აფხაზეთი მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის, თუმცა, მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მზად არიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ.

“არანაირი შერიგების საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ აღიარების გარეშე. მათ, ვინც მზად იქნება ეს გააკეთოს, აქ დიდი პატივით მივიღებთ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, კულტურას და ენას, თუმცა, არა პოლიტიკას, რომელიც ირწმუნება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი