ახალი ამბები

უხუცესთა კავშირი პანკისის რადიოს და მთივლიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

8 სექტემბერი, 2020 •
უხუცესთა კავშირი პანკისის რადიოს და მთივლიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

პანკისის სათემო ორგანიზაცია “უხუცესთა კავშირმა” დღეს, 8 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

“პანკისის სათემო რადიო “ვეის” მიმართ აგრესიული განწყობილება ვაჰაბიტ-სალაფიტებში ადრეც იყო. მთივლიშვილის წინააღმდეგ გამოხტომებიც ბევრი ყოფილა, არც თავიანთი უხუცესების მიმართ უკადრისი მიმართვების ხმარებას მორიდებიან, მაგრამ აგრესიულ მუქარას ადგილი არ ჰქონია! აქ დაინტერესებულმა პირმა ეშმაკური ფანდი იხმარა – გელა მთივლიშვილი შენობას ყიდულობს და ინგლისური ენის უფასოდ შემსწავლელ კურსებს დახურავსო, რაც სიმართლისაგან ძალზე შორსაა, რადგანაც გელა მთივლიშვილს აზრად არ მოსვლია ამ შენობის შესყიდვა და ეს ყველაფერი გათვლილი იყო ხალხის ემოციებზე ზემოქმედებისთვის: აი, ხედავთ, ვიღაც ჟურნალისტი გვართმევს შენობასო.

შეიძლება ითქვას, აზრის მესვეურებმა თავიანთ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს და ჟურნალისტის წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყვეს გარკვეული ძალები. მთავარი მაინც ის არის, რომ მომიტინგეთა მხრიდან არ მოხდა არანაირი კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა ჟურნალისტის მიმართ, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ, ეს იყო და ეს. აშკარაა რომ ამ ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს, ეს ხომ ამ ქვეყნის ძლიერთათვის დამახასიათებელი თვისებაა”, – აცხადებენ “უხუცესთა კავშირის” წევრები.

მათივე განცხადებით, როდესაც მსგავსი ნაბიჯები იდგმევა ვინმეს წინააღმდებ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ხეობის ინტერესები და ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას.

“ჩვენ, უხუცესთა კავშირი, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიულ გამოხტომებს ადამიანების მიმართ. ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გელა მთივლიშვილი იდეალური ჟურნალისტია ან პიროვნება, ისევე როგორც ჩვენ ან ნებისმიერი სხვა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პლუს-მინუსები, რომლებისგანაც არავინ არ ვართ დაზღვეულები. აქვე აღვნიშნავთ, რომ გელა მთივლიშვილი ჟურნალისტია, მისი პროფესიაა მიმდინარე მოვლენების გაშუქება თუნდაც ეს „შორტებს“ ან სხვა თემებს ეხებოდეს. უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქისტური ადათ -წესები და ღირსების გრძნობა! საქართველო პანკისიდან იწყება, ნუ დავივიწყებთ ამას!”, – აცხადებენ “უხუცესთა კავშირის” წევრები”.


სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ პირველი აქცია 29 აგვისტოს გაიმართა, მეორე კი – 5 სექტემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

“მიუხედავად მუქარისა, პანკისის რადიოს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება” – მთივლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი