საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) შეთანხმებით ორი პროექტის დასაფინანსებლად აღებული სესხი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ამ მიზნით დანიშნულებმა 180 მილიონი ევროს ოდენობის სესხმა შეიცვალა:
“ფინანსური რესურსების ძიების პროცესში გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო თანხების გამოთავისუფლება და გადაწყდა შეცვლილიყო ორი სასესხო შეთნხმება, რომელთაგან ერთი ეხება KFW-სა და საქართველოს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილ სასესხო შეთანხმებას “ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა” (გაფორმებული 60 მლნ ევროზე) და მეორე, რომელიც ეხება 2018 წლის 24 აგვისტოს KFW-სა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელმოწერილ სასესხო შეთნხმებას “სამგორის სამხრეთ ნაწილის მიწისქვეშა გაზის საცავისთვის” (გაფორმებული 150 მლნ ევროზე. აღნიშნული დაფინანსებიდან მოხდა 120 მილიონი ევროს რეპროგრამირება)”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
უწყების განცხადებით თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაირიცხება. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სასესხო შეთანხმება ითვალისწინებს KFW-ის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით 180 მილიონი ევროს გამოყოფას შემდეგი ფინანსური პირობებით:
- სესხის მოცულობა: 180 მილიონი ევრო;
- სესხის ხანგრძლივობა: 13 წელი (მათ შორის, შეთავათიანი პერიოდი 2 წელი)
- საპროცენტო დანაკვეთი: 6 აგვისტოს მდგომარეობით EURIBOR არის -0.417%, ხოლო მარჟ შეადგენს 0.85%-ს, რომელიც დაფიქსირდა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს;
- ვალდებულების გადასახდელი: წლიური 0.25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).
სამგორთან, მიწისქცეშა გაზსაცავის მშენებლობა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 2020 წელს უნდა დაეწყო. ხოლო პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წელს იგეგმებოდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდის მიხედვით, პროექტი ნაწილობრივ KFW-სგან მიღბული სესხით უნდა დაფინანსებულიყო დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზა კი მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიმდინარეობდა.