ახალი ამბები

კორონავირუსის კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება — ეზუგბაია

8 სექტემბერი, 2020 • 631
კორონავირუსის კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება — ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამეციდინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ბოლო ბოლო ორ კვირაში დაავადება უფრო ინტენსიურად გავრცელდა და დაავადების კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.

“მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა “მწვანე ზონაში”, რადგან ეს ინციდენტობა [100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულების რაოდენობა – რედ.] ჩვენთან არის 8, რაც 10-ზე ნაკლებია, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელების სახე და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება”, _ განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს წითელი ზონა აჭარის რეგიონის სახით, რომლის ჩაკეტვაზეც ჯერ საუბარი არაა, მაგრამ კონტროლის ზომების გამკაცრება იგეგმება.

“აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ თვითონ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და ამიტომ, იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. კერძოდ, ეს არის: რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1 321 გახდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 სექტემბერს დაფიქსირებული კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის “დონას” კლასტერი, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 – “ავერსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალი, 4 – შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთოს მძღოლია, 12 – აჭარაში მოგზაურობის ისტორიითაა და 3-ზე წყაროს დასადგენად და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი