თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 სექტემბერს დაფიქსირებული კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის “დონას” კლასტერი, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 – “ავერსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალი, 4 – შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთოს მძღოლია, 12 – აჭარაში მოგზაურობის ისტორიითაა და 3-ზე წყაროს დასადგენად და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
“ამ 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. კიდევ საინტერესოა, რომ ამ 45-ში 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში”, — განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო დღეებში დაავადება უფრო ინტენსიურად გავრცელდა და დაავადების ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.
“ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ინციდენტობის მაჩვენებელი — მთელს ქვეყანაში 100 ათასს მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 8. მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა მწვანე ზონაში რჩება, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა”, — განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით,მიუხედავად იმისა, რომ აჭარის რეგიონი წითელ ზონად ითვლება, ამ ეტაპზე რეგიონის ჩაკეტბაზე საუბარი არაა.
“აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ თვითონ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და ამიტომ იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. კერძოდ, ეს არის: რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება”, — განაცხადა ეზუგბაიამ.
8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული.
მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1321 გახდა.
