ახალი ამბები

“პატრიოტების” ხატი ენგურიდან ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

7 სექტემბერი, 2020 • 853
“პატრიოტების” ხატი ენგურიდან ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრების, ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ჩატანილი ხატი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს.

ხატი აფხაზმა აქტივისტებმა 5 სექტემბერს, ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურის ხიდთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუქტში დაასაწყობეს.

მათი თქმით, “სპექტაკლი დასრულებულია” და ხატი ე.წ. საზღვარზე იქამდე იქნება განთავსებული, სანამ მისი პატრონები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადაიტანენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ეს არ არის კანონიკური წესების დაცვით შესრულებული ხატი, არამედ ეს არის ნაბეჭდი მასალა, რომელსაც არ გააჩნია რაიმე რელიგიური ღირებულება.

პატრიოტთა ალიანსის ცნობით, ღვთისმშობლის  ხატი ენგურის ხიდის გავლით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა გულშემატკივართან ერთად გადაიტანეს ბაგრატში. პატრიოტთა ალიანსის მიერ გავრცელებულ ფოტო/ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მსველლობაში მოქალაქეები და მართლმადიდებელი მღვდლებიც მონაწილეობენ.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი, თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.

ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

“არუაა”, როგორც დე ფაქტო ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.

თავად პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ამ დრომდე უარს ამბობენ განმარტონ, კონკრეტულად რა მექანიზმებით და ვისი დახმარებით გადაკვეთეს დე-ფაქტო საზღვარი, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ოფიციალურად აკონტროლებენ 2009 წლიდან. მათი თქმით, ეს იყო ჰუმანიტარული აქტი, რომელსაც წვლილი უნდა შეეტანა “აფხაზთა და ქართველების შერიგების საქმეში”. “პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ მათ ხატის გადატანა აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის რუსეთში არსებული კონტაქტების დახმარებით შეძლეს, მაგრამ არც ამ შემთხევევაში დააკონკრეტეს, ვის გულისხმობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი