ახალი ამბები

საარჩევნო ბროშურა – ოპოზიციური დაპირისპირების მორიგი მიზეზი

7 სექტემბერი, 2020 •
საარჩევნო ბროშურა – ოპოზიციური დაპირისპირების მორიგი მიზეზი

“მიუხედავად საერთო წარსულისა, “ევროპული საქართველოს” ხედვები განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობის” მიდგომებისგან, – იუწყება “ევროპული საქართველოს” სარეკლამო ბროშურა, რომელიც ყოფილ თანაპარტიელებს შორის დაპირისპირების მორიგი საგანი და ახალი დისკუსიის საფუძველი გახდა.  

საარჩევნო ბროშურის თანახმად, “ევროპული საქართველოს” “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოარჩევს:    

  • რეალური და შესრულებადი დაპირებები
  • ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი
  • კოალიციური მთავრობა
  • წარსულის კრიტიკული გააზრება
  • საპენსიო დანაზოგების დაბრუნება
  • ქონების და მიწის ხალხისთვის დაბრუნება

პარტიის საარჩევნო ბროშურამ სოციალურ ქსელში დისკუსია გამოიწვია. “სირცხვილიას” აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ “უკვე მცირე ახალი ელექტორალური პერსპექტივის მქონე “ტაქტიკურ ძიძგილაობაში” მეტი ან ტოლი ძალისხმევა არ უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე საერთო მტერთან ბრძოლაში და არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე მაინც ფოკუსის გასწორება ურიგო არ იქნებოდა”.

“ევროპული საქართველო” ამბობს, რომ ენმ-სთან არსებულ განსხვავებებზე მითითება ხელისუფლების პრობლემიდან ისრების გადატანას არ ნიშნავს, ვინაიდან რამდნეიმეგვერდიანი ბროშურა ამომრჩეველს, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებასთან” “ევროპულ საქართველოს” პრინციპულ განსხვავებებს აცნობს.

“ჩვენ ვაცნობთ ამომრჩევლებს განსხვავებას, პირველ რიგში, ივანიშვილის დღევანდელ ვითარებასთან, მაგრამ ამავე დროს ჩვენს კონკურენტებთან ოპოზიციაში, რომელთაც 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება უნდათ. ამომრჩევლებისთვის თქმა, რითი განვსხვავდებით სხვისგან, ეს ბრძოლაა? პოლიტიკური ველურობაა, როცა შენს კონკურენტს უნდა, რომ მოსწონდე და ამაზე ბრაზდება და ეს ემართებათ ხოლმე ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ენმ-ში. დიახ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. მათ უნდათ, 2012 წლამდე ვითარება იყოს, ჩვენ გვინდა ივანიშვილის კატასტროფის შეცვლა, წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ენმ მთავარ კონკურენტად მიაჩნია და ამიტომ აკეთებს თუ არა აქცენტს მასზე “ევროპული საქართველი”, ბოკერია პასუხოსბ, რომ “ოპოზიციის შიგნით ყველა კონკურენტია, მაგრამ ზოგ კონკურენტს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე სხვას”. 

“თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამთავრობო პროპაგანდა ჯიუტად გააგრძელებს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვას და იმის თქმას, რომ ან ბიძინაა ან მიშა. ამიტომ საჭიროა ამომრჩევლებმა იცოდნენ, რა ხედვა გვაქვს, რა კომპასი გვაქვს და რაშია განსხვავებები. პოლიტიკური ველურობაა, რომ ამ ტიპის ცივილიზებული კონკურენციის კამპანია ვიღაცას დემოკრატიის პრობლემად მიაჩნია. ეს დემოკრატიის არსია”, – ამბობს ბოკერია. 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, “ევროპული საქართველოს” ბროშურამ გულისწყრომა დაიმსახურა ამომრჩევლებში და მათთვის ველურის წოდება არაკორექტულია. 

“ადამიანების გულისწყრომას, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა არ უნდა იყოს არცერთი ოპოზიციური პარტიის სამიზნე, როცა ველურობად აღიქვამ, ეს მიმაჩნია არაკორექტულად. ამომრჩეველი ამბობს ამას და რა გამოდის, ამომრჩეველს უწოდებ ველურს? საერთო მიზანი არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანისვილის დამარცხება და მე მგონი, ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთო სწორება უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დეკანოიძემ.

დეკანოიძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” ბროშურის შინაარსობრივ განხილვაში შესვლას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა სვამს კითხვას, როდის თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ კოალიციურ მთავრობას არ ემხრობა?

საარჩევნო ბროშურა ერთადერთი თემა არაა, რამაც ბოლო დროს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპული საქართველოს” შორის დაძაბულობის საფუძველი გახდა. “ევროპული საქართველო” აკრიტიკებს ენმ-ის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელების შესახებ და ამბობს, რომ ეს ოპოზიციური კოალიციის ფორმირებას ხელს არ შეუწყობს.

უშედეგოდ დასრულდა “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” ხანგრძლივი კონსულტაციები რეგიონებში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების თაობაზე. ევროპული საქართველოს განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება ენმ-მ არ მოინდომა.

კრიტიკული განცხადებები გაკეთდა მას შემდეგაც, რაც ენმ-მ ისანში გიორგი ვაშაძეს დაუყენა კონკურენტი ხატია დეკანოიძის სახით. ვაშაძე ოპოზიციის დიდი ნაწილის, მათ შორის ენმ-ს საერთო კანდიდატი იყო, თუმცა ის ენმ-მ თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი