აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის.
როგორც აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ორი სკოლის პედაგოგების სიას გადაუგზავნიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და დანარჩენი პედაგოგების ტესტირებაც ჩატარდება კორონავირუსზე. სკოლებში დაახლოებით ასამდე მასწავლებელი მუშაობს.
გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა “ხოფის ბაზრობაშიც”, რის გამოც, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბათუმში ხვალ, 8 სექტემბერს ხოფის ბაზრობა დაიკეტება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეს ბაზრობა დაკეტილია, რადგან სანიტარული დღეა და დაკეტილი იქნება ხვალაც. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებს კვლევები ჩაუტარდებათ.
„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს გაიხსნება.
დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.