ახალი ამბები

მთავრობის 4 ახალი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით

7 სექტემბერი, 2020 • 1787
მთავრობის 4 ახალი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეპიდსიტუაციის მართვის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.
  • საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი ვალდებული იქნება, თან იქონიოს 72-საათიანი PCR ტესტი.
  • ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.
  • სოციალური ღონისძიების ჩატარება მკაცრდება.

როგორც პრემიერმა თქვა, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება.

გიორგი გახარიასვე თქმით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენ რეგიონებში სწავლა დაგეგმილ დროს, 14 სექტემბრიდან განახლდება აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარება მკაცრდება. როგორც დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა თქვა, მსგავსი სოციალური ღონისძიების დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა.

“აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა [ვირუსის] გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება,”-ამბობს გახარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი