ახალი ამბები

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებში ფილტვების დაზიანება რამდენიმე კვირა რჩება – კვლევა

7 სექტემბერი, 2020 • 2854
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებში ფილტვების დაზიანება რამდენიმე კვირა რჩება – კვლევა

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ფილტვების დაზიანება, ქოშინი და ხველა გამოჯანმრთელებიდან კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც აღენიშნებათ.

“გარდიანის” ინფორმაციით, ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრიელი მკვლევრები, რომელთაც ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების საავადმყოფოდან გაწერის შემდგომი მონიტორინგის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს. კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ დარჩენილი სიმპტომების შესახებ იტყობიდნებოდნენ ის პაციენტებიც, რომლებშიც კოვიდ ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

“კოვიდ 19-ისგან განკურნებულებში ფილტვების მდგრადი დაზიანება კვირების განმავლობაში რჩება, თუმცა ტრაქეტორია სრული გამოჯანმრთელებისკენ არის მიმართული და დროთა განმავლობაში, გაუმჯობესება სახეზეა”, – განაცხადა ინსბრუკის საუნივერისტეტო კლინიკის ექიმმა საბინ საჰანიკმა.

კვლევაშ 86 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 61 წელია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საავადმყოფოდან გაწერიდან 6 კვირის შემდეგ პაციენტების 88%-ს კომპიუტერული ტომოგრაფიისას ისევ უფიქსირდებოდათ ფილტვის დაზიანება, 47%-ს კი სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. 12 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებლები შესაბამისად, პაციენტების 56% და 39%-ში იყო შენარჩუნებული.

ამასთან, წინასწარი კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი 19-სგან გამოჯანმრთელება გრძელვადიანი პროცესია, დაავადება დროთა განმავლობაში ფილტვების ნაწიბურების ზრდას არ იწვევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი