მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ს ღია პირველობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც ხაზის მსაჯს ბურთი მოარტყა. მომხდარის გამო სერბმა ჩოგბურთელმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ შემთხვევის გამო ძალიან წუხს.
33 წლის ჯოკოვიჩი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა, რა დროსაც მან ჯიბიდან ბურთი ამოიღო, უკან ისროლა და მსაჯ ქალს ყელის არეში მოარტყა.
საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობის შემდგომ ტურნირის ორგანიზატორებმა სერბი ჩოგბურთელი აშშ-ს პირველობიდან მოხსნეს. ამას გარდა, ჯოკოვიჩი დაკარგავს ღია პირველობის ფარგლებში დაგროვებულ სარეიტინგო ქულებსა და მოგებულ თანხას.
BBC წერს, რომ შესაძლო, სპორტსმენი ამ ინციდენტის გამო დაჯარიმდეს კიდეც. თავად ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ტურნირიდან დისკვალიფიკაციასა და იმ იმედგაცრუებას, რაც თან სდევდა ამ შემთხვევას, გაკვეთილად მიიღებს და შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენებს არა მარტო როგორც მოთამაშე, არამედ როგორც ადამიანი.
“ბოდიშს ვუხდი აშშ-ს ღია პირველობას. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის, ფანების, რომლებიც ყოველთვის ჩემთან არიან. მადლობა და ძალიან ვწუხვარ,” – ამბობს ჩოგბურთელი.