ახალი ამბები

“პანკისის რადიო” მუქარაზე რეაგირებას ითხოვს – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

5 სექტემბერი, 2020 • 1350
“პანკისის რადიო” მუქარაზე რეაგირებას ითხოვს – შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

„ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, – განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ მარგოშვილმა.

როგორც “პანკისის რადიო” აცხადებს,29 აგვისტოს, აქცია დუისის პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში მიმდინარეობდა. გამომსვლელები ხმის გამაძლიერებელსაც იყენებდნენ. მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომაც გაავრცელა, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა. კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

მედიასაშუალებამ საგანგებო განცხადება დამატებით დღეს, 5 სექტემბერსაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

“პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს, შუადღეს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით”.

რადიოსვე ინფორმაციით, 29 სექტემბრის აქციაც იგივე პირების მონწილეობით გაიმართა.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას ითხოვენ. პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

“პანკისის სათემო რადიოს” დამფუძნებელია ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

  • “პანკისის სათემო რადიო მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ.
  • მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე”, – ნათქვამია რადიოს განცხადებაში.
ნეტგაზეთმა აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 4 სექტემბერს მიმართა შსს-სა და პროკურატურას. შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული, პროკურატურიდან კი პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი