ახალი ამბები

დისტანცია და სავალდებულო პირბარდე – წესები უნივერსიტეტებისთვის

5 სექტემბერი, 2020 • 1380
დისტანცია და სავალდებულო პირბარდე – წესები უნივერსიტეტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, მაგრამ მათ კორონავირუსის პრევენციის მიზნით წესების დაცვა მოუწევთ.

კერძოდ, უნივერსიტეტებმა უსაფრთხო გარემო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ, მათ შორის, ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და ა. შ.

როგორც სამინისტრო აცხადებს, განათლების მინისტრმა ამ საკითხზე შეხვედრა გამართა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რექტორებს მოუწოდა, გაზაფხულის სემესტრის მსგავსად, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი