ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პატრიოტების” ნაჩუქარ ხატს აფხაზები, სავარაუდოდ, ენგურამდე მიიტანენ

4 სექტემბერი, 2020 • 1068
“პატრიოტების” ნაჩუქარ ხატს აფხაზები, სავარაუდოდ, ენგურამდე მიიტანენ

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა”, რომელიც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აფხაზეთში ვიზიტს დღემდე აპროტესტებს, აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მიერ ილორის ტაძრისთვის გადაცემულ ხატს უკან თავად დააბრუნებენ. 

“არუაას” მხარდამჭერი ნაირა ამალია აცხადებს, რომ “აღნიშნული საკითხი პოლიტიკურია და არა- ეკლესიური”.

მისივე თქმით, “არუაას” მხარდამჭერები ხატს “ენგურის” გამშვებ პუნქტთან მიიტანენ, სადაც მანამდე იქნება შენახული, სანამ ქართული მხარე მის საქართველოში ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს.

“ეს არ არის ნაკურთხი ხატი. საქართველოს პატრიარქი უარს ამბობს მის მიღებაზე. ეს რომელიღაც პოლიტიკოსის მხატვრობაა. ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩამოიტანეს და ჩვენ, პოლიტიკოსები უკან დავუბრუნებთ”.

იქამდე “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უარს ამბობს, მიიღოს ხატი, რომელიც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” აფხაზეთში, ილორის ტაძარს რამდენიმე დღის წინ გადასცა.


საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტის გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შტატგარეშე თანამშრომელი, თანაშემწე, თანამდებობიდან გადადგა.

ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

“არუაა”, როგორც დე ფაქტო ახალი ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი