ახალი ამბები

სამუშიას თქმით, “ლელოს” წევრს თავს დაესხნენ

4 სექტემბერი, 2020 • 1349
სამუშიას თქმით, “ლელოს” წევრს თავს დაესხნენ

“ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის წევრს თავს დაესხნენ და სცემეს.

დაშავებული გიორგი გლუჩიძე ამ დროისთვის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და გამოკვლევები უტარდება. როგორც სამუშია ამბობს, თავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რა მუხლით დაიწყო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება.

“როგორც თავად მითხრა, დახვდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რატომ უჭერ მხარს სამუშიას/ხაზარაძეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტანსაცმელზე ფეხსაცმლის კვალი ეტყობა. სულ ეს არის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. როცა მივედი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ადგილზე დამხვდა. ამ დროისთვის მის მდგომარეობაზე ვერ გეტყვით, რადგან კვლევებზე ჰყავთ შეყვანილი”,-ამბობს სამუშია.

როგორც გლუჩიძემ “ტვ პირველს” უთხრა თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია: “[მითხრეს] რას დაჰყვები ამ ხაზარაძეს და სამუშიასო. რა გაგიკეთა ამისთანა, რომ ყველა ხაზარაძეს ემხრობაო.” ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფოტო © ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი