ახალი ამბები

ოქრიაშვილი ენმ-ის და “ოცნების” ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ იღებს

4 სექტემბერი, 2020 • 969
ოქრიაშვილი ენმ-ის და “ოცნების” ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ იღებს

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” სპაარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, აცხადებს, რომ ამ პარტიების შეცდომებზე და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს.

“მე პოლიტიკაში მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საინიციატივო ჯგუფით, და ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან მაკავშირებდა ურთიერთობა, ამას უფრო მოკავშირეების ურთიერთობას დავარქმევდი და არა – წევრობას. ახლა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ “პროგრესი და თავისუფლებას”. თუ რომელიმე პარტიასთან მაკავშირებდა მოკავშირეობა წარსულში, მე არასდროს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, შეცდომებზე ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში იყო – 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ. ვერ გავიზიარებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იყო 2012 წლამდე ბიზნესთან დაკავშირებით და ვერც იმას გავიზიარებ, რაც იყო გავრილოვის დღესთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ. ამის შესმდეგ ოქრიაშვილმა უმრავლესობა დატოვა და ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დააფუძნა. ოქრიაშვილის ინფორმაციით, პარტიის წევრია ძიუდოისტი და ყოფილი დეპუტატი დილარ ხაბულიანიც.

“პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა, თავად ოქრიაშვილი კი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრი გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი