ახალი ამბები

“აშშ გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას” – საელჩო ჯანდაცვის ბაზებზე კიბერშეტევაზე

3 სექტემბერი, 2020 •
“აშშ გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას” – საელჩო ჯანდაცვის ბაზებზე კიბერშეტევაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც პირველ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა:

“ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში. COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ” – აცხადებენ საელჩოში.

შსს-ს განცხადებით, 2020 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება:

“კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით”,- აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით” ,- აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი