ახალი ამბები

“ლელოს” თქმით, მათ წევრს რიმა ბერაძე ემუქრებოდა

3 სექტემბერი, 2020 • 2309
“ლელოს” თქმით, მათ წევრს რიმა ბერაძე ემუქრებოდა

“ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია “ქართული ოცნების” მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. სამუშიამ დღეს, 3 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” რაიონული ორგანიზაციის წევრი მანანა სულთანიშვილი წარადგინა, რომელსაც, მისი თქმით, მმართველი პარტიის ოფისში დაემუქრნენ. 

“31 აგვისტოს დამირეკეს “ოცნების” უბნის [წარმომადგენელმა]… გაიგეს, რომ “ლელოში” გავწევრიანდი. თუ ლელოში გაწევრიანდები, სოციალურს და უფასო სასადილოს შეგიჩერებო. მეორე დღეს დამირეკეს, “ლელოში” დაგინახესო, კიდევ დამემუქრნენ ,სოციალურს შეგიჩერებენო. ასევე დამემუქრნენ მეუღლეზეც, რაც ხელფასი უფიქსირდება, იმასაც წაგართმევთო”,-განაცხადა სულთანიშვილმა ბრიფინგზე.

სამუშიას განცხადებით, მათ წევრს თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე დაემუქრა, რომელიც, ამავდორულად, “ოცნების” ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეც არის. ჩუღურეთში “ლელოს” კანდიდატი მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

“მანანა სულთანიშვილის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რომელიც ჩუღურეთის “ქართული ოცნების” შტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს ქალბატონ რიმა ბერიძეს და მაკა ასლანიშვილს, რომელთაც განუცხადეს, რომ თუ ის “ლელოში” ყოფნასა და მხარდაჭერას გააგრძელებდა, მას სოციალურ დახმარებასა და უფასო სასადილითო სარგებლობას შეუწყვეტდნენ. მოვითხოვთ ამ საკითხზე მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას”,-განაცადა სამუშიამ.

ბრალდებებს Facebook-ზე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი. ბერაძე ცილისწამებას უწოდებს “ლელოს” წევრების განცხდებებს და ამბობს, რომ პარტია “ბინძურ მეთოდებს” მიმართავს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ლელოს“ მხრიდან გამოთქმული ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება! ყველასთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ჩუღურეთის მოსახლეობისადმი. არასოდეს ვასხვავებდი ადამიანებს, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. უკვე 6 წელი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩუღურეთელების ინტერესებს წარმოვადგენ და ამ დროის განმავლობაში მე ვიყავი ყველა მათგანის დეპუტატი და ვეხმარებოდით ყველას, განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა. კარგად გვესმის, რომ ლელოს მხრიდან გამოთქმული ბრალდება ჩვენ მიერ რაიონში აქტიური პოლიტიკური კამპანიის წარმოების საპასუხო რეაქციაა. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებისა და ჩვენი მოსახლეობისადმი დამოკიდებულების გამო, ხალხი გვენდობა და მხარს გვიჭერს. ამიტომ, სხვა არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ ასეთ ბინძურ მეთოდებს მიმართონ. სამწუხაროა, რომ ლელომ ოპონირების ასეთი გზა აირჩია”,-წერს ბერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი