ახალი ამბები

“შაქარაშვილს დაზიანებები სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული” – პროკურატურა

3 სექტემბერი, 2020 • 1320
“შაქარაშვილს დაზიანებები სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული” – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალგაზრდის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას. კერძოდ, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც დასკვნის მიხედვით, ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც შაქარაშვილს შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

ამავდროულად, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს:

“ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი