საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ვ.ა-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარმოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით:
“კერძოდ, 2020 წლის 15 ივლისს ვ.ა. დაუკავშირდა ერთ-ერთ მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სეირნობისას შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან.
მისი თქმით, საუბრისას თითქოს ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო, ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა, გაჩუმდი”, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, დაკავებული საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ვ.ა-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება:
“მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.