ნეტგაზეთი | “კოალიციაში შევალთ, მაგრამ ვაშაძეს სააკაშვილს და ბოკერიას პრემიერად მხარს არ დავუჭერთ” – ელისაშვილი “კოალიციაში შევალთ, მაგრამ ვაშაძეს სააკაშვილს და ბოკერიას პრემიერად მხარს არ დავუჭერთ” – ელისაშვილი – Netgazeti
RU | GE  

“კოალიციაში შევალთ, მაგრამ ვაშაძეს სააკაშვილს და ბოკერიას პრემიერად მხარს არ დავუჭერთ” – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის მონაწილეები იქნებიან, თუმცა საკუთარი პირობები ექნებათ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, თუ მისი პარტიის ხმები მთავრობის ფორმირებისთვის გადმწყვეტი იქნება, გიორგი ვაშაძის, მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს, თუმცა არ გამორიცხავს, მაგალითად, “ერთიანი ნაციპნალური მოძრაობიდან” სხვა კანდიდატი თუ იქნება წარმოდგენილი, მხარი დაუჭიროს. მაგალითისთვის ელისაშვილი ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ასახელებს:

“ოპოზიციური კოალიციის მონაწილეები ვიქნებით, მაგრამ 70-70 მანდატი რომ ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას და პარტია მოქალაქეების 10 ხმა რომ იყოს გადამწყვეტი, ამაზე ვლაპარაკობთ. კოალიციას შექმნა რას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენი მთავარი კითხვა იქნება, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. სააკაშვილი, ვაშაძე ან ბოკერია თუ იქნება, გამორიცხულია, მხარს არ დავუჭერთ. შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის სხვა კანდიდატს დავუჭიროთ, მაგალითად, ხატია დეკანოიძე თუ იქნება პრემიერობის კანდიდატი”, – ამბობს ელისაშვილი “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

ელიისაშვილი გამორიცხავს “ქართულ ოცნებასთან” კოალიციასაც და აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებში უნდა დამარცხდეს და ოპოზიციაში გადავიდეს. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერობის კანდიდატის გარდა, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც:

“ასევე, მეორე კითხვა იქნება, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. თუ გვითხრეს ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ა.შ. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ გვექნება მთელი წყება პირობების. კოალიციაში შესვლა იმას კი არ ნიშნავს, ხეირი მოვძებნოთ ჩვენი თავისთვის, გვექნება კონკრეტული პირობები.

მაგალითად, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ვინ იქნება სუს-ის ხელმძღვანელი, მოხდება თუ არა ამ უწყების რეფორმირება ისე, რომ ოპოზიციის დევნის და თვალთვალის ინსტრუმენტი კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე იქნება. მთავარი პროკურორი იქნება თუ არა კანდიდატი, რომელსაც ვენდობით. ჩვენი ხმები თუ გადამწყვეტი იქნება, ფასსაც დავადებთ, ოღონდ ქვეყნისთვის სასარგებლო ფასს”, – ამბობს ელისაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.