თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბათუმში მდებარე საკონდიტრო “დონასთან” დაკავშირებული 600 ბიოლოგიური სინჯიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

“გუშინწინ საკონდიტრო მაღაზია “დონასთან” ლოკალურ ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებული 600 ბიოლოგიური სინჯი იქნა აღებული, ჩატარებულია კვლევები და მხოლოდ ერთი არის დადასტურებული შემთხვევა და ისიც გახლავთ თვითონ თანამშრომლის კონტაქტი, მისივე ნათესავი”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი.

2 სექტმებრის მონაცემებით, კორონავირუსის 22 შემთხვევა ე.წ. დონას კლასტერს უკავშირდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.