ახალი ამბებისაზოგადოება

მომავალი პრემიერი და ოპოზიციის კომპრომისის ფორმულა

4 სექტემბერი, 2020 • 1828
მომავალი პრემიერი და ოპოზიციის კომპრომისის ფორმულა

რაც უფრო ცოტა დრო რჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მით უფრო აქტუალური ხდება საკითხი, ვინ იქნება მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი. 

იმის გათვალისწინებით, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი და მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მხარდაჭერის მოპოვება ცალკე აღებულ ყველა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებასაც”, გაუჭირდება, ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილი არჩევნების შემდეგ პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

როგორ და რა ფორმულით უნდა შეირჩეს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს? არსებობს თუ არა კრიტერიუმები კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელისთვის იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერის მქონე ძალები ბლოკებად არ გამოდიან და შემდეგ აპირებენ კოალიციის ჩამოყალიბებას? – ამ კითხვებზე ოპოზიციურ სპექტრში დღეისათვის არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ, თუმცა ყველა მათგანი საუბრობს კომპრომისის აუცილებლობაზე.

ვინ ვისთან ხედავს თავს კოალიციაში

მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მობილიზებას ელიან და სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნაზე არ ფიქრობენ. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, “წითელი ხაზები” გავლებული აქვთ და ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაბასთან” და მათ “სატელიტებთან”: “ევროპულ საქართველოსთან”, “პატრიოტთა ალიანსთან” და პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან თანამშრომლობას არ განიხილავენ.

ოპოზიციაში პოზიციები ორ ნაწილად იყოფა. არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ არც “ქართულ ოცნებასთან’ და არც ენმ-სთან კოალიციის შექმნაზე არ ფიქრობენ, მათი იმედი აქვთ, რომ სხვა ძალები მოახერხებენ 50%-ზე მეტი ხმის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ენმ-სა და “ოცნების” თამაშგარეთ დატოვებას.

ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდა, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას არ შექმნის და უახლოეს პერიოდში ამის დეკლარირებასაც აპირებს. ოპოზიციასთან ერთად კოალიციურ მთავრობაში თავს არა მარტო მოლაპარაკებების მაგიდასთან მჯდომი პოლიტიკური ძალები, არამედ ისეთებიც განიხილავენ, რომლებმაც ეს სივრცე დატოვეს, მათ შორისაა პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის მონაწილეები იქნებიან, მაგრამ საკუთარი პირობები ექნებათ.

კოალიციის შექმნისთვის საკუთარი პირობები აქვს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს, ნინო ბურჯანაძესაც, რომელიც აცხადებს, რომ თავს მრავალპარტიულ კოალიციაში მოიაზრებს და მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციის შექმნას გამორიცხავს.

თავიანთი პირობები აქვთ ოპოზიუციურ პოლიტიკურ ძალებს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. 

მართალია, ჯერ არც კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დამდგარა და არც კომპრომისულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე უმსჯელიათ, თუმცა აღნიშნულ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას  განიხილავს სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ეს სურვილი საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია.

დიდი ალბათობით,”ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა პარტია თავის ყველაზე ძლიერ ლიდერს ასახელებს და ლოგიკურია, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად წარადგინონ.

ოპოზიციური ძალები, რომლებიც “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში თავს სამომავლო კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებენ, აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა აღნიშნულ პოსტზე გარკვეულ პირებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ვაშაძეზე, საკუთარ პოზიციას უკვე აფიქსირებენ. ამ გამოხმაურებით ირკვევა, რომ კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის შერჩევისას ყურადღება გამახვილდება როგორც წარსულ პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ასევე, იმ პარტიის რეიტინგზეც, რომელსაც კანდიდატი წარმოადგენს.

სხვა რა კრიტერიუმები უნდა არსებობდესს კოალიციური მთავრობის პრემიერისთვის? აქვთ თუ არა ფორმულა, რომლითაც საერთო მთავრობის ხელმძღვანელი უნდა შეირჩეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში? — ამ კითხვებით სხვადასხვა ოპოზიონერ ლიდერს მივმართეთ.

ვინ უნდა იყოს კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის კანდიდატურას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, არ ექნება,  ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ მოსწონთ თუ არა, შემდეგი მოწვევის პარლამენტში შემავალი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის “განწირულები” არიან.

“ყველა პარტიას აქვს უფლება დაასახელოს ძლიერი ლიდერი. ჩვენს პარტიაში ასეთი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში ქმნის დღის წესრიგს, არამედ რეგიონში. ამიტომ, სრულიად ლოგიკური იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჩვენი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რაც შეეხება იმას, ვინმეს მოსწონს ჩვენი კანდიდატი, ან არ მოსწონს, ჩვენც არ მოგვწონს სხვა პარტიების პლატფორმები, მაგრამ სრულიად პრაგმატულად ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვებაზე ორიენტირებული”, — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების პოლიტიკური ნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სამართლებრივი საკითხი, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე არაა და სასჯელი აქვს შეფარდებული.

ის, რომ სააკაშვილის კანდიდატურაზე ოპოზიციის შიგნით აზრთა სხადასხვაობაა, დეკანოიძის აზრით, კომპრომისზე დაფუძნებული კოალიციური მთავრობის შექმნისას კრიზისს არ გამოიწვევს. მისთვის მოსალოდნელ კრიზისზე საუბარი კი მხოლოდ “ქართული ოცნების” გზავნილია.

“მე დარწმუნებული ვარ ოპოზიციის გამარჯვებაში, მათ შორის ჩვენი წვლილი იქნება ძალიან დიდი, ჩვენ ამ შემართებით ვართ. ყველა ვიბრძვით, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს და არავითარი კრიზისი არ შეიქმნება. ჩვენ წარმოვადგენთ განვითარების გეგმას და მათ შორის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას თანამშრომლობისთვის”, — ამბობს ხატია დეკანოიძე.

კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შემთხვევაში კრიზისის შექმნას გამორიცხავს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც. როგორც ის “ნეტგაზეთთან” ამბობს, კრიზისის შექმნის რისკზე ვერავინ  წავა და საკითხს ვინც ისე დააყენებს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს არა პარტიის კანდიდატი, არამედ სპეციფიკურად ესა თუ ის ფიგურა, მაშინ იმან 50%-ზე მეტი მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

“მე მგონია, რომ “ევროპული საქართველო” და სხვა ოპოზიციური პარტიები ვიქნებით უმრავლესობა ოპოზიციის შიგნით და მოუწევთ განხილვა “ევროპული საქართველოს” ლიდერობით შერჩეული დანარჩენი პარტიების კომპრომისული კანდიდატების. კრიზისს ჩვენ არ შევქმნით და ივანიშვილს ხელისუფლებაში არ დავტოვებთ, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს მრავალმხრივი გზაა და ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისკენ, რომ შეთანხმება შედგეს. “ევროპული საქართველო” უზრუნველვყოფთ იმას, რომ ვერავინ გაბედავს თქვას, რომ ჩემი ინტერესი რაც არის, ის თუ არ გავიდა, ივანიშვილს ვტოვებთ ხელისუფლებაშიო, ეს ვერ მოხდება”, — ამბობს ის და დასძენს, რომ კრიზისის არშექმნას “ლეგიტიმური დემოკრატიული წნეხით” უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ფორმულას, თუ როგორ უნდა გამოავლინოს ოპოზიციამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერობის კანდიდატი. ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, რომელ ჯგუფსაც მეტი დეპუტატი ჰყავს, პრემიერობის კანდიდატსაც პირველი ის აყენებს, თუმცა სხვები უნდა დაითანხმოს და საბოლოოდ კომპრომისი შედგეს.

“ყველას მოუწევს იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ ხალხის ნება აღსრულდეს. ჩვენი ახალი ტრადიციის პირობებში, როდესაც წინასწარ ცნობილი არ არის, ანუ [საარჩევნო] ბლოკები კი არ გვაქვს, მერე [პარლამენტში] დგება კოალიცია, მოგვიწევს კომპრომისზე წასვლა, ან სხვადასხვა პარტიაში განწყობები უნდა შეიცვალოს, რაც რთული წარმოსადგენია, რომ ასე მარტივად მოხდეს და ჩვენთვის სასურველი პრემიერი სხვისთვის ავტომატურად მისაღები იყოს და პირიქით”, — ამბობს ის.

ვინ იქნება “ევროპული საქართველოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც ბოკერია ამბობს, პარტიაში ითვალისწინებენ იმას, რომ კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე კომპრომისული ფიგურა უნდა დასახელდეს.

პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი კი რამდენიმე გვარს ასახელებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს, მათ შორისაა გიორგი ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერიაა. თუმცა არ გამორიცხავს, მაგალითად, “ერთიანი ნაციპნალური მოძრაობიდან” სხვა კანდიდატი თუ იქნება წარმოდგენილი, მხარი დაუჭიროს.

“ოპოზიციური კოალიციის მონაწილეები ვიქნებით, მაგრამ 70-70 მანდატი რომ ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას და პარტია მოქალაქეების 10 ხმა რომ იყოს გადამწყვეტი, ამაზე ვლაპარაკობთ. კოალიციას შექმნა რას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენი მთავარი კითხვა იქნება, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. სააკაშვილი, ვაშაძე ან ბოკერია თუ იქნება, გამორიცხულია, მხარს არ დავუჭერთ. შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის სხვა კანდიდატს დავუჭიროთ, მაგალითად, ხატია დეკანოიძე თუ იქნება პრემიერობის კანდიდატი”, – ამბობს ელისაშვილი “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

საარჩევნო კამპანიის რეჟიმში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულად მიაჩნია “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს. მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია სისტემის ისე რეფორმირება, რომ ძალაუფლება ერთი პარტიის ან ფიგურის ხელში არ აღმოჩნდეს და ამიტომ მხარდაჭერა არა რომელიმე პარტიის კონკრეტულ კანდიდატს, არამედ კონკრეტულ ხედვებს ექნება.

როგორც ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, “გირჩს” ცალკეული პიროვნებები, მათ შორის სააკაშვილი და ვაშაძე, არ აინტერესებს.

“ჩვენ გვინდა ისეთი სისტემის რეფორმები, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე ერთმა ადამიანმა ან რომელიმე ერთმა პარტიამ მთლიანად გააკონტროლოს თოფიანი ხალხი [სამართალდამცველი უწყებები] ამ ქვეყანაში. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ ეს აღარ იყოს დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე და პიროვნებებზე, თორემ სააკაშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკოსია, რა მოტივებითაც მოძრაობდა პოლიტიკაში მანამდე, ისე მოძრაობს ახლაც. სააკაშვილი არ არის საფრთხე, საფრთხე არის  ნებისმიერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომელმაც შეიძლება ხელში მოიგდოს ეს სისტემა”, — ამბობს ის.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ყველას მოუწევს რაღაც ტიპის დათმობებზე წასვლა, მათ შორის, კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში.

“ნებისმიერ შემთხვევაში კომპრომისულ იდეაშია ძალა. ნებისმიერ შემთხვევაში კოალიცია ნიშნავს კომპრომისებს ყველას მხრიდან. თუ კრიზისის შექმნაზე წავა საქმე, ამ კრიზის შემქმნელი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე, იქნება მეორე მხარეც და მესამე მხარეც… ამიტომ ოპოზიციის ინტერესში არ შედის, რომ კრიზისი შეიქმნას.  ამაზე ახლა საუბარი, ჩემი აზრით, არის სუფთა სპეკულაცია და მეტი არაფერი”, — აცხადებს ჯაფარიძე.

ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი “მოუკლავი დათვის გაყოფას” ჰგავს “ლეიბორისტული პარტიის” წევრ გიორგი გუგავასთვის. თუმცა “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ “ლეიბორისტების” მიზანია, შალვა ნათელაშვილის პრემიერ-მინისტრობით მთავრობის ფორმირებაში მთავარი ძალა იყოს.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტების ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“მომავალი კოალიციური მთავრობა იმ კონფიგურაციით განისაზღვრება, რომლითაც პარლამენტი შეივსება. პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მთავრობის კაბინეტის სხვა თანამდებობები, დამოკიდებული იქნება საზოგადოების მხარდაჭერაზე. ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ გავიმარჯვოთ და ისეთი ძალით ვიყოთ მთავრობაში წარმოდგენილი, რომ ჩვენ შეგვეძლოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზიის გაცხადება”, — ამბობს ის.

მისი თქმით, ერთი პიროვნების და ერთი პარტიის დომინაციის დრო წავიდა და როდესაც კოალიციური მთავრობა დგება, ეს თავისთავად კომპრომისს ნიშნავს და პრემიერ-მინისტრიც კომპრომისული უნდა იყოს.

რაც შეეხება სააკაშვილის კანდიდატურას, გუგავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის არქონის და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების პირობებში, ფორმალურად შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ახალი პარლამენტის ოფიციალურად ჩამოყალიბების შემდეგ პრემიერს და მთავრობას ნდობა დეპუტატებმა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადონ. ამისათვის საჭიროა პარლამენტის 76 წევრის თანხმობა. თუ 2 კვირაში პარლამენტი ახალ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი “ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

“სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სააკაშვილს ფორმალური თვალსაზრისითაც წინააღმდეგობები გააჩნია. ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მასზე დამდგარია განაჩენი და მთავრობის ფორმირება ხდება ორ კვირაში. ორ კვირაში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხები გადაწყდება… ვერ გადაწყდება… მოქალაქეობას ვინ აღუდგენს და ის განაჩენები უნდა გაბათილდეს… აქედან გამომდინარე, კომპრომისული უნდა იყოს და კომპრომისზე მსჯელობა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც დადგება შედეგები. კონკრეტულ პირებზე რომ ვილაპარაკოთ, არარელევანტური და არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება”, — განაცხადა გუგავამ.

“პატარა პარტიიდან უფრო ლოგიკურია”

თუ საქმე კოალიციურ მთავრობამდე მივიდა, რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ რას გააკეთებს – ფიქრობს “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ზოგჯერ ძალიან მოულოდნელი კომბინაციები ჯდება და ახლა ოპოზიციური პარტიები მაინც ვერაფერზე შეთანხმდებიან.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია აუცილებელი მანამ იყო, სანამ  საარჩევნო სისტემა 73 მაჟორიტარს ითვალისწინებდა, რადგან ხელისუფლებას ძალიან დიდი უპირატესობა ექნებოდა. ახლა, როცა უფრო მეტად პროპროციული სისტემაა, პარტიებს შიგნით წინააღმდეგობები გამოიკვეთა და სამომავლოდ ეს პროცესი გაგრძელდება. მისი თქმით, ეს ოპოზიციის სასარგებლოდ არ იმუშავებს, რადგანაც საზოგადოებაში მოლოდინები შეიქმნა, რომ ოპოზიციური ფრონტი ერთია.

“უბრალოდ, პრობლემა ჩვენთან შექმნა იმან, რომ აქამდე, პრაქტიკულად, ერთი წელია, 20 ივნისის შემდეგ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები სულ ერთ ფორმატში მოიაზრებიან. შეიძლება ითქვას, საზოგადოება მიეჩვია, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოდის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას რომ მიეჩვია, გადაჩვევა უჭირს, იმიტომ, რომ რეალობა დადგა სხვა”, — ამბობს ის “ნეტგაზეთთან”.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ზურაბიშვილის აზრით, თუ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგა, შესაძლოა ოპოზიციამ პრემიერის პოსტზე კომპრომისული კანდიდატი შეარჩიოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის კანდიდატურას სხვა ოპოზიციური პარტიები არ დათანხმდებიან. როგორც ის ამბობს, “ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე აქცენტის გაკეთება “განხეთქილების ვაშლი” იქნება.

პოლიტოლოგ გია ნოდიას განმარტებით, ამ ეტაპზე თითოეული პარტია არა საბოლოო კოალიციური მთავრობის შედგენაზე, არამედ “თითო-ოროლა” პროცენტის მომატებაზე ფიქრობს. როგორც ის ამბობს, არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის კანდიდატებზე მსჯელობამ, შესაძლოა, ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს.

“მე არ ვიცი, რა ხდებოდა იმ შეხვედრებზე [ოპოზიციის შეხვედრები], მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მსჯელობა [პრემიერ-მინისტრზე] იყო. შესაძლოა, პარტიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასეთ მსჯელობას თავი აარიდონ, იმიტომ, რომ თუ დაიწყებენ ასეთ მსჯელობას, ეს შესაძლოა, კონფლიქტის საგანი გახდეს და პირიქით, შეუშალოს ხელი შეთანხმებულ მოქმედებას იმ საკითხებში, რაზეც ამ ეტაპზეა შესაძლებელი.

ვაშაძის და სააკაშვილის დასახელება და მათზე საუბარი, ეს მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს სხვა პოლიტიკურ პარტიებში და პროვოცირებას უწევს იმას, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი აკრიტიკოს და არა ხელისუფლება. თუ საჯაროდ ყურადღება გადავა იმაზე, რომ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ეს, ჯერ ერთი, ცოტა სასაცილოა, იმიტომ, რომ არ ვიცით, კრებსითად ოპოზიცია არჩევნებს იგებს თუ არა, ამიტომ ახლა ამაზე კამათი ცოტა არასერიოზულია”, — ამბობს ის.

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი აზრიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ენმ არჩევნებს ცალკე მოიგებს, თუმცა, როგორც ამბობს, ამის “შანსი არ არსებობს”.

“ერთი შეხედვით შეიძლება ლოგიკურია, რომ ყველაზე დიდი, ძლიერი ოპოზიციური პარტია, და ეს არის ენმ… მისი ხმა უნდა იყოს წამყვანი და მისი ლიდერი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არ არის აუცილებელი. კოალიციური მთავრობა ნიშნავს შეთანხმებას, რაზეც შეთანხმდებიან, ის იმუშავებს. აქ ერთადერთი წესი ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ის, ვინც მისაღები იქნება კოალიციაში შემავალი ყველა პარტიისთვის”, — ამბობს ის.

ნოდია არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეუთანხმებლობამ კოალიციური მთავრობის საჭიროების შემთხვევაში კრიზისი შექმნას. რადგან, მისი აზრით, ძალიან დიდი პარტიებიდან კომპრომისული კანდიდატურის შერჩევა რთული იქნება. მისი თქმით, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრი ნაკლებად გავლენიანი პარტიიდან შეირჩეს ან საერთოდ არაპოლიტიკური ფიგურა გახდეს.

გია ნოდია

“მე არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრობის კომპრომისული კანდიდატი იყოს პოლიტიკური პარტიებიდან. არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” და “ევროპული საქართველოდან” ადვილი იყოს პრემიერის შერჩევა ისე, რომ ყველა სხვა ამას დაეთანხმოს, ეს რთული იქნება. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან რთული იქნება. ძნელია თქმა, მაგრამ შეიძლება, რომ უფრო პატარა და ნაკლებად გავლენიანი პარტიიდან შეირჩეს პრემიერ-მინისტრი. იმიტომ, რომ ძირითადი პარტიებისთვის ეს იყოს შედარებით მისაღები კანდიდატი”,  — ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი