ახალი ამბები

პარლამენტმა ევროპაში გამგზავრების შეზღუდვის მექანიზმს მხარი დაუჭირა

2 სექტემბერი, 2020 • 1829
პარლამენტმა ევროპაში გამგზავრების შეზღუდვის მექანიზმს მხარი დაუჭირა

74 ხმით 0-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შს სამინისტროს უფლებას ანიჭებს, არ გაუშვას პირი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს.

“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:

  • იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
  • წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

  1. ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;
  2. არ წარადგენს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  3. არ წარადგენს ვარგის უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  4. არ წარადგენს სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
  5. არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  6. არ წარადგენს მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე, აღნიშნული უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს. აღნიშნული წესები და პირობები შს მინისტრმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაადგინოს.

გაიგეთ მეტი ამ საკითხზე:

საქართველოდან ევროკავშირში გაშვებას მესაზღვრეები აქვე გადაწყვეტენ – კანონპროექტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი