ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: უშიშროება ერეოდა და ისევ ჩაერევა საარჩევნო პროცესში

2 სექტემბერი, 2020 • 1373
გედევან ფოფხაძე: უშიშროება ერეოდა და ისევ ჩაერევა საარჩევნო პროცესში

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესებში აქამდეც ერეოდნენ და მომავალშიც ჩაერევიან.

ამის შესახებ ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ. ორგანული კანონის პროექტით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

“მინდა გაგახსენოთ, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაჩნდა ისეთი ფენომენი, როგორიც იყო საინიციატივო ჯგუფით 42-ე ნომრების დაინიცირება არჩევნებში, რომელთაც უშიშროება ეხმარებოდა არჩევნებში კოალიციის სხვა სუბიექტების წინააღმდეგ. 2016 წელს ძალიან ბევრი მაჟორიტარის წინააღმდეგ, რომელიც “ქართული ოცნების” ყველა წევრისთვის არ იყო მისაღები, უშიშროებამ იმუშავა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ისევ იქნება ძალოვნების ჩარევა საარჩევნო პროცესში. ამ კანონით ნუ შევაყრით ერთმანეთს და ამომრჩეველს თვალში ნაცარს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, მხოლოდ კანონის გამკაცრებით და იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკაში არავინ დასჯილა ამომრჩეველზე ზეწოლისთვის, სამართლიანი არჩევნები არ ტარდება.

“მე ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ, პარლამენტის წევრებმა, არ იცით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება და უშიშროება არის საარჩევნო პროცესში ჩარეული, იმიტომ, რომ ერთად ვიყავით და ეს პროცესი ერთად გამოვიარეთ. უშიშროების თანამშრომლები  ერევიან საარჩევნო პროცესში და სოსო გოგაშვილი [სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე] პარტიების საქმიანობაზე იყო საუბარი. თუ არ იცით, კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, მაგრამ არა ტრიბუნიდან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი