თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ ქალაქის მასშტაბით საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და დამტკიცების შემდეგ აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაეგზავნება.
“დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ამიტომ მინდა მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დამტკიცებული დოკუმენტით და ამ კონკრეტული ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ განათავსონ პლაკატები და არა როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა, სადაც მოესურვებოდათ. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, — განაცხადა კალაძემ.