ახალი ამბები

ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები – გამყრელიძე “დონას” კლასტერზე

2 სექტემბერი, 2020 • 901
ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები – გამყრელიძე “დონას” კლასტერზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმში, საკონდიტრო “დონას” კლასტერიდან ძირითადად თანამშრომლები არიან დაინფიცირებულები. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია “დონას” გარეთ. გუშინ საღამოს, გვიან გამოცხადდა მოწოდება, რომ ვინც ბოლო ორი კვირის მანძილზე იყო “დონაში”, შეეძლოთ ბათუმის ბულვარში მისვლა და უფასო ტესტის ჩატარება. 600-მდე ტესტია ჩატარებული და დღეს გვექნება მათი პასუხები”, – განმარტა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საკონდიტრო “დონაში” მყოფმა ადამიანებმა ასევე უნდა აწარმოონ თვითმონიტორინგი, ანუ ყურადღებით დააკვირდნენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომი არ გამოუვლინდეთ. სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში კი “აუცილებლად დავუკავშირდეთ 112-ს და ჩავიტაროთ შესაბამისი გამოკვლევა”.

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა,რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო “დონასთან” არის დაკავშირებული.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი