ახალი ამბები

ბათუმიდან თბილისში ჩამოსულებმა თვითმონიტორინგი აწარმოეთ — გამყრელიძე

2 სექტემბერი, 2020 • 728
ბათუმიდან თბილისში ჩამოსულებმა თვითმონიტორინგი აწარმოეთ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მათ, ვინც ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდნენ და საკონდიტრო “დონაში” ყოფნის ისტორია აქვთ, რომ თვითმონიტორინგი აწარმოონ.

“თუ რამე სიმპტომი ჩნდება, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ტესტირებისთვის. ასევე, ვისაც აინტერესებს, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის თბილისის და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ცხვირ-ხახის ნიმუშს იღებენ და აგზავნიან ლაბორატორიებში და შეუძლიათ, ტესტირება ჩაიტარონ”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა ეს ყველაფერი საყურადღებოა.

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო “დონასთან” არის დაკავშირებული.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინა ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი