ახალი ამბები

ზურაბიშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

1 სექტემბერი, 2020 • 944
ზურაბიშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაერო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს წერილობით მიმართა, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია,  მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება,  სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს,  ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.


ცხინვალში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს დე ფაქტო შს მინისტრის ავტომანქანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. გარდა ინალ ჯაბიევისა, სავარაუდოდ, მეორე დაკავებულსაც სცემეს, რომელიც ამ დრომდე მძიმედაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი