ნეტგაზეთი | შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა – პროკურორი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა – პროკურორი – Netgazeti
RU | GE  

შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულების დნმ არ აღმოჩნდა – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ნივთმტკიცებაზე – ჩანთაზე, რომელიც მდინარე არაგვის ნაპირზე იპოვეს, ამ საქმეზე ბრალდებულების დნმ პროფილები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ საქმის მთავარმა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში, ასევე თავდასხმაში ბრალდებულების მონაცემებთან. ასევე, იმ პირებთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე, თუმცა მათი დნმ პროფილები არ ამოვიდა ჩანთაზე.

ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილისა  და იმ პიროვნების დნმ პროფილი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა და ვისგანაც ითხოვა გიორგი შაქარაშვილმა. ერთ-ერთი დნმ პროფილზე მითითებულია პირდაპირ დაკსვნაში, რომ შესაძლებელია იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჩანთაზე აღმოჩენილი დნმ მასალა შედარებულია ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკა ჟვანიას დნმ პროფილთანაც, თუმცა მისი პროფილი ჩანთაზე არ აღმოჩნდა.

ყაზარაშვილის თქმით, ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში 100-ზე მეტი დნმ პროფილია წარდგენილი, რომელზე კვლევაც ყოველდღიურად მიმდინარეობს.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი