ახალი ამბები

მარტო სტატიაზე რომ დაიწყოს გამოძიება, აქეთ დაგვდებენ რაღაცაში ბრალს — მდინარაძე “პატრიოტთა ალიანსზე”

1 სექტემბერი, 2020 • 1007
მარტო სტატიაზე რომ დაიწყოს გამოძიება, აქეთ დაგვდებენ რაღაცაში ბრალს — მდინარაძე “პატრიოტთა ალიანსზე”

პარლემანტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხზე რეაგირებისათვის მხოლოდ სტატიის გამოქვეყნება საკმარისი არაა და საჭიროა, ამისათვის მტკიცებულებაც არსებობდეს.

მისი თქმით, თუ “ელემენტარული მტკიცებულებაც” კი გაჩნდება, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები რეაგირებას “არ მოერიდებიან”.

“უბრალოდ, ხშირად ისმის სპეკულაციური შეკითხვები, გამოქვეყნდა სტატია… სტატია იბეჭდება დღეში ათი ათასობით და ასი ათასობით, აქეთ დაგვდებენ რაღაცაში ბრალს მარტო სტატიაზე, ჟურნალისტის რაღაც განცხადებაზე ან მის წარმოდგენაზე და ა.შ. გამოძიება რომ დაიწყოს, ამაში იქით დაგვდებენ ბრალს და შეიძლება, მართლებიც იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანასთან არ არიან მართლები. ამიტომ, აქაც რომ არ დავტოვოთ სპეკულაციების სივრცე, თუკი რაიმე ელემენტარული მტკიცებულება იქნება, დარწმუნებული ვარ, შესაბამის რეაგირებას დაიწყებენ შესაბამისი ორგანოები. დღეს, უბრალოდ, ზოგადად შეგვიძლია პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ, რომ ამ ხალხისგან არ გვიკვირს რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები”, – განაცხადა მდინარაძემ.

გასულ კვირას ჟურნალისტურმა პლატფორმამ, “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის], რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის პრეზიდენტის ფონდთან და უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

“დოსიეს” თანახმად, საქართველოში, სადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, როგორც ჩანს, კრემლი ფსონს დებს “პატრიოტთა ალიანსზე”, რომლის წევრები აქტიურად აკრიტიკებენ ნატო-სა და შეერთებულ შტატებს. „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5- მლნ-იან ბიუჯეტზე, რომლის წარმომავლობა დადგენილი არ არის.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი