ახალი ამბები

ცხინვალში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

1 სექტემბერი, 2020 • 858
ცხინვალში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

ცხინვალში აქციის მონაწილე ასობით ადამიანი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ Эхо Кавказа ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შენობა გარშემორტყმულია უსაფრთხოების ძალების სამსახურის წარმოამდგენლებით, მომიტინგეების ნაწილი კი მათთან დიალოგის დაწყებას ცდილობს. დე ფაქტო დეპუტატი, დავიდ სანაკოევი და სხვები მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და ცდილობენ მათ დარწმუნებას, რომ არ შეიჭრან შენობაში.

დღეს, 31 აგვისტოს, 1500-მდე ადამიანი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. ჯაბიევი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს.

აქციების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ცხინვალის მესამე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ინალ ჯაბიევის ახლობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, თანამდებობის მიუხედავად კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს:

“გასაგებია რესპუბლიკის მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნები და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მათი აღელვება. სამხრეთ ოსეთის ხალხს ყოველთვის შეეძლო რთულ სიტუაციებში გონიერებისა და წინდახედულობის გამოვლენა. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება, სისხლის სამართლის საქმე კი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ხალხი უნდა ხედავდეს, რომ რესპუბლიკაში კანონი მუშაობს და მათი უფლებები ყოველთვის დაცული იქნება”, – განაცხადა თიბილოვმა.

ბიბილოვს გადადგომისკენ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითიც მოუწოდებს.


ინფორმაცია ინალ ჯაბაევის გარდაცვალების შესახებ 28 აგვისტოს გავრცელდა. ცხინვალში მცხოვრებლები წერდნენ, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

მისი გარდაცვალება ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ დაადასტურა, დე ფაქტო შს მინისტრს დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება და განაცხადა, რომ რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, ცხინვალში საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრემიერის გადადგომა მოჰყვა.

გარეკანის ფოტო: Эхо Кавказа

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი