ახალი ამბები

ექიმების მხრიდან პაციენტზე შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

31 აგვისტო, 2020 • 950
ექიმების მხრიდან პაციენტზე შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კლინიკა “სითი მედიქალის” სამედიცინო პერსონალის მხრიდან 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

77 წლის პაციენტის მიმართ ჩადენილ ძალადობაში კლინიკა “სითი მედიქალის” პერსონალს პაციენტის ოჯახის წევრები ადანაშაულებენ. როგორც პაციენტის შვილმა დავით მანჯგალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” განუცხადა, მისთვის გაუგებარია, როგორ გაუჩნდა დედამისს ერთ ღამეში მრავლობითი დალურჯებები:

“როგორც თავად [პაციენტი] მეუბნება, ორი ადამიანი მაკავებდა და ერთი მირტყამდაო. ფაქტია, დალურჯებული აქვს ხელები, გატეხილია მობილური ტელეფონი… ღამის 12 საათამდე ჩემი და იყო მასთან და კათეტერისგან დალურჯება ჰქონდა მხოლოდ მკლავთან ახლოს და არა მხრებამდე. დილამდე ასე გაულურჯდა ორივე ხელი? საეჭვოა… მობილური გათიშული იყო და გატეხილი”, – განაცხადა მანჯგალაძამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2-თან” ისაუბრეს კლინიკის წარმომადგენლემაც. სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციისა და ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის თქმით, პაციენტს დალურჯებები კათეტერის ჩადგმის შედეგად გაუჩნდა და მისი ქრონიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, “მინიმალური შეხებითაც კი სისხლჩაქცევები ძალიან მარტივად უჩნდება”.

ამასთან, კლინიკის გენერალური დირექტორის, ნიკა მენთეშაშვილის თქმით, პაციენტს კლინიკაში ამ დრომდე უტარდება მკურნალობა და პერსონალის მხრიდან პაციენტის მიმართ ძალადობის ფაქტი არ მომხდარა:

“პოლიციასთან ერთად ვნახე ვიდეოჩანაწერები, არაფერი ჩანდა. ჩანდა ის, რომ ადამიანები ეხმარებიან პაციენტს ჩაუდგან წვეთოვანი, დაუსხდნენ გვერდზე, მიხედონ. ჩვეულებრივი კლინიკური პროცედურებია ასახული ვიდეოზე, რაც ხდება საერთოდ”, – განაცხადა მენთეშაშვილმა “რუსთავი 2-თან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი